„ნაციონალური მოძრაობა“ 21 მარტს საპროტესტო აქციას გამართავს
„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში, რუსთაველის გამზირზე 21 მარტს საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს. ამის შესახებ მათ პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. პარტია მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, მთავრობას ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმა არ გააჩნია. მანვე პარლამენტში დღეს დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობის წევრების გამოუცხადებლობას უპასუხისმგებლობა უწოდა.
„საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა სრულიად უპასუხისმგებლოდ მოიქცა და არ გამოცხადდა სხდომაზე. ჩვენი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა პრაქტიკულად კოლაფსის წინაშე იმყოფება. ლარის გაუფასურებამ დააზარალა თითოეული ქართული ოჯახი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.