87 წლის ჟენია ჯიშკარიანს წყალტუბოს გამგებელმა სახლი აუშენა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში მცხოვრებ 87 წლის ჟენია ჯიშკარიანს მყუდრო და კომფორტული სახლი აუშენეს. სახლის აშენების გადაწყვეტილება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა მიიღო.
მიუსაფარი, მარტოხელა მოხუცის ერთი შეხედვით დაჟინებული და შორეული ოცნება – ახალმოსახლეობა- რეალობად იქცა, რეალობად, რომელსაც სიკეთის კეთება, გულისხმიერება და ადამიანური თანაგრძნობა ჰქვია.
,,მშენებლობის დაწყებამდე საჭირო გახდა მოხუცისათვის კუთვნილი მიწის დარეგისტრირება, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა, სახლის უმოკლეს ვადაში აგებას წლევანდელი ზამთრის კარგმა ამინდებმაც შეუწყო ხელი, მოკლედ ყველაფერი გაკეთდა, რათა ათეული წლების მანძილზე ვაგონში მცხოვრები ქალბატონისათვის, რომელსაც ოჯახის ყველა წევრი დაღუპულები ჰყავს და შრომისუუნაროა, ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები შეგვექმნა – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონტანტინე მამისეიშვილმა. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის სოციალური პროექტების განხორციელება მომავალშიც არის დაგეგმილი. ჟენია ჯიშკარიანს ახალმოსახლება მიულოცა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.
„როგორც კი ჩამოვედი იმერეთში, პირველი გასვლა იმ დღესვე მქონდა საჩხერეში. ეს გასვლები იქნება სისტემატური, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს სოციალურად დაუცველ ადამიანთა დახმარება და თანადგომა. ჩვენი დღევანდელი ერთად ყოფნა ზუსტად ამის მაგალითია. მსგავსი ღონიძიებები ყველა რაიონში იქნება. სოციალურად დაუცველი ადამიანების თანადგომა ჩვენი მთავარი საზრუნავია“, – აღნიშნა ბატონმა გივი ჭიჭინაძემ.
ჟენია ჯიშკარიანი სამხარეო ადმინისტრაციის პირველმა პირებმა მაცივრით დაასაჩუქრეს. სტუმრებმა ეზოში სიმბოლურად დარგეს ხეხილის ნერგები.
ცხოვრებისაგან გატეხილმა, მარტოობისა და უსახსრობის ტვირთით დამძიმებულმა ჟენია ბებომ გულითადად დალოცა ყველა ის პირი, რომელთა უშუალო მონაწილეობით შესაძლებელი გახდა ახალი სახლის აშენება. იქ მყოფი ადამიანები მადლიერების ერთგვარი ზეიმის თანამონაწილეები გახდნენ, მადლიერების, რომელსაც მადლი ამრავლებს…