თბილისში სასტუმრო InterContinental Tbilisi აშენდება

თბილისის მერი დავით ნარმანია ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო InterContinental Tbilisi-ს მშენებლობისთვის სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერას დაესწრო. 24 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს ბანკმა, Adjara group Hospitality-მ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD).
თბილისის მერმა პროექტს წარმატება უსურვა და ქალაქის მთავრობის მხრიდან თანადგომა აღუთქვა. დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ბიზნესის მხრიდან სწორად გაკეთებული აქცენტია. “იმის გათვალისწინებით, რომ თბილისი წელს და მომავალ წლებში ბევრ მნიშვნელოვან ღონისძიებას და ძალიან ბევრ სტუმარს უმასპინძლებს, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება აქტუალურია, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტის განხორციელება კარგია ეკონომიკური განვითარების და თანამოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები დასაქმდებიან როგორც მშენებლობის, ისე სასტუმროს ექსპლუატაციის პროცესში, ბიუჯეტში კი გადასახადები შევა.
სასტუმრო InterContinental Tbilisi დედაქალაქის ცენტრში, მერაბ კოსტავას 14-ში, ყოფილი გამომცემლობის შენობაში განთავსდება. სასტუმროს გახსნა 2016 წლის დასაწყისში იგეგმება.
როგორც ხელმოწერის ცერემონიაზე ითქვა, პროექტის საერთო ღირებულება 53 მლნ აშშ დოლარია. მიმდინარე ეტაპზე მშენებლობაზე დასაქმებულია 150 ადამიანი, ხოლო დასრულების შემდეგ, სასტუმროში 350 თანამშრომელი დასაქმდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები