“არ-ემ-ჯი გოლდის” თანამშრომლებმა აქცია გამართეს (ფოტო, ვიდეო)
კომპანია „არ-ემ-ჯი გოლდის“ თანამშრომლებმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის, კერძოდ, გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ და მისი წამყვანის ეკა კვესიტაძის წინააღმდეგ აქცია გამართეს. ბოლნისიდან ჩამოსული კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც საყდრისი- ყაჩაღიანის საბადოში არიან დასაქმებულები, „რუსთავი 2“-თან შეიკრიბნენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, ტელეკომპანია ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურება. კომპანიის თანამშრომლები „რუსთავი 2“-სგან მოითხოვენ, შეწვიტონ საყდრისთან და „არ-ემ-ჯი გოლდთან“ დაკავშირებით ცრუ ინფორმაციების გავრცელება და მათ მშვიდად მუშაობის საშუალება მისცენ.
„დღეს უნდა გავიდეს ეკა კვესიტაძის გადაცემა, რომელიც არის სრულიად აბსურდული. გაიცა ნებართვა, რომ სამუშაო გაგრძელებულიყო. უნდათ ისევ გავრცელება ინფორმაციის, რომ გაჩერდეს წარმოება და საწარმო. ჩვენ არავის არ მივცემთ ამის უფლებას. ხალხი დაიღალა. ამის უკან ამოფარებულია „ნაციონალური მოძრაობა“ და არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ ხელი გვეშლება“, – აცხადებს აქციის მონაწილე გია მუშკუდიანი. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლია აჯიაშვილმა განაცხადა, საყდრისის საწარმოში რაიონის მოსახლეობის უმეტესობაა დასაქმებული, საბადოში მუშაობის შეწყვეტის შემთხვევაში კი ისინი საარსებო წყაროს გარეშე დარჩებიან. „ჩვენს სამსახურში 3000 კაცი მუშაობს. დმანისის 60%, ბოლნისელები, კაზრეთელები ჩვენთან მუშაობენ. სად წავიდეს ხალხი? ხალხი მოკვდება და თავსაც მოიკლავს, იმიტომ რომ მათ ოჯახები აქვთ, ოთხ-ოთხი და სამ-სამი შვილი ჰყავთ“, – აცხადებს აჯიაშვილი.
კომპანია „არ-ემ-ჯი გოლდი“ ბოლნისის რაიონში სამთო-მოპოვებითი საქმიანობით არის დაკავებული. კომპანია საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოში მადნეულის მოპოვებით სამუშაოებს აწარმოებს. გადაცემა „განსხავებული აქცენტები“ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოში განვითარებული მოვლენების შესახებ ეთერში დღეს, 22:00 საათზე გავა.