მორიგი ბრალდებები „ცენტრ-პოინტს“ და კომპანიის პასუხი – რა ბედი ელით ხოშარაულის ქუჩის ბინადართ

ქვეყნის ყველაზე დიდი სამშენებლო სკანდალი გრძელდება. კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ მიერ ათობით დაზარალებულმა ოჯახმა  კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოსა და პროკურატურაში სარჩელის შეტანა გადაწყვიტა.
საქმე ეხებათ იმ მოქალაქებს, რომლებიც ხოშარაულის ქუჩის N 29 -ში კომპანიის მიერ აშენებული კორპუსის პირველ და მეორე სადარბაზოში უნდა განთავსებულიყვნენ.
ამ მენაშენეებმა სამშენებლო კომპანია „ცენტრ პონტ ჯგუფთან“  2005 წელს გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ხოშარაულის №29-ის  კორპუსი 2009 წელს შევიდოდა ექსპლუატაციაში.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ხანდაზმულობის ვადა 2015 წლის მარტში იწურება, მენაშენეების ნაწილმა კომპანიასთან სასამართლო დავა გადაწყვიტა, ნაწილმა კი, თავიანთი ადვოკატის, ბექა ბადრიაშვილის შუამავლობით,  „ცენტრ პოინტის“  იურიდიულ სამსახურთან ჩამოაყალიბა ახალი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ორ ძირითად პუნქტს:

  1. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე შეთანხმების პრეამბულაში მითითებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდეს ერთი წლის ვადით;
  2. წინამდებარე შეთანხმების ერთი წლის მოქმედების ვადაში მხარეთა შორის დაიდება ძირითადი ხელშეკრულება.

თუმცა, მენაშენეების ნაწილი მეორე პუნქტს აპროტესტებს და მოითხოვს, ახალი ხელშეკრულების დადების ნაცვლად, თავდაპირველი ხელშეკრულება გაგრძელდეს, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, არ იციან, რა პუნქტები შევა ახალ ხელშეკრულებაში.11016623_346264065568985_982135363_n

ერთ-ერთი ასეთი დაზარალებული, რომელიც აპროტესტებს აღნიშნულ შეთანხმებას და მიაჩნია, რომ ეს უკანასკნელი თავისი არსით კაბალურია, მენაშენე ეკა კაპანაძეა.
როგორც მან „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფთან“ ხელშეკრულება 2005 წელს გააფორმა და 2008 წელს სრულად დაფარა შესატანი თანხა.
თუმცა, მას, ისევე, როგორც დანარჩენ 100 ოჯახს, რომელიც ამავე კორპუსის პირველი-მეორე სადარბაზოს პოტენციური მობინადრეები არიან, ბინის მაგიერ ხელთ ჰაერი შერჩა.

ჩემი მშობლების სახლი გავყიდე, შრომით ნაგროვები ფული დავამატე და 2005 წელს კომპანია „ცენტრ პოინტთან“ ხელშეკრულება გავაფორმე, როგორც მყიდველმა. პირველი შესატანი 11 000$ გადავიხადე. შემდეგ, ეტაპობრივად ვიხდიდი თანხას და საბოლოო შესატანით 2008 წელს თანხა სრულად დავფარე. ეს თანხა 35 000$-ია.  

ხელშეკრულებას ვადა 2009 წლის მარტში ეწურებოდა, მაგრამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული არც ერთი ვალდებულება  კომპანიას არ შეუსრულებია. არათუ ბინა ჩამაბარეს  და კორპუსი ააშენეს, საერთოდ ჰაერი დამახვედრეს. მათ გაფლანგეს ჩემი ფული და დამტოვეს საცხოვრებელი სახლის გარეშე. არადა, დიდი იმედი მქონდა, რომ საშვილიშვილო საქმეს ვაკეთებდი. ვერც კი წარმოვიდგენდი, ასე თუ გამამწარებდნენ. ახლა ჯანმრთელობა შემერყა, ინფარქტი გადავიტანე, ახლა საოპერაციო ვარ, ამიტომ არანაირი ფინანსური და ადამიანური რესურსი არ გამაჩნია, კიდევ ერთხელ მომატყუოს ამ კომპანიამ სწორედ ამ ახალი შეთანხმების სახით. მე ამ გაურკვეველ და ბუნდოვან შეთანხმებას არც ვიზიარებ, არც ვეთანხმები, რადგან ამის მიხედვით, შესაძლოა, თანხების დამატება ისევ დამჭირდეს, რისი საშუალებაც არ მაქვს და რომც მქონდეს, ეს, ჩემი აზრით, უკანონობა და პირდაპირ, კრიმინალია. ასევე, ზიანის ანაზღაურებაზე უარი უნდა ვთქვა და მომავალში კიდევ რომ არ ამიშენებენ, საერთოდ ვეღარაფერს მოვიმოქმედებ, რადგან ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი მექნება.

ხელშეკრულებას ვადა მარტის დასაწყისში გასდის და „ცენტრ პოინტ სიტის“ მაინც არ აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულებული. ამიტომ, შესაძლოა, ფარატინა ქაღალდი შეგვრჩეს ხელში.

იმდენად კაბალურ პირობებს მიყენებს, ფაქტობრივად, მაიძულებს, რომ ხელი მოვაწერო ახალ შეთანხმებას. ამიტომ, მინდა მივმართო პროკურატურას. თაღლითობაა ეს თუ იძულება, თვითონ დააკვალიფიცირონ.  აღარ მინდა უმოქმედოდ გავჩერდე, პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს არის კრიმინალი.

ჩემი მოთხოვნა ასეთია: ხელშეკრულებას გასდის ვადა და მოვითხოვ ცნონ, აღიარონ ის ვალდებულებები, რომლებიც არ და ვერ შეასრულეს ჩვენი, როგორც დაზარალებული მხარის წინაშე. ის, რაც მკაფიოდ ეწერა ჩვენს თავდაპირველ ხელშეკრულებაში, ის, რაშიც ამხელა თანხა გადამახდევინეს. აღიარონ, რომ მათ ჩემ წინაშე  ვალდებულება აქვთ და ჩამაბარონ ბინა“ , – აცხადებს დაზარალებული ეკა კაპანაძე.

კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ იურიდიული სამსახურის უფროსი მარი ცუცქირიძე „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული შეთანხმება, კომპანიის კეთილი ნების გამოხატულებაა, გაუგრძელონ მენაშენეებს თავდაპირველი ხელშეკრულების ხანდაზმულობის ვადა, რათა მათ საშუალება ჰქონდეთ, ნებისმიერ დროს სასამართლო დავის წამოწყებისა.

მარი ცუცქირიძე ასევე აღნიშნავს, რომ შეთანხმებაზე, რომელზეც მენაშენეები სასამართლოში დავას აპირებენ, ხელმოწერა სავალდებულო არაა და შეუძლიათ საკუთარი ნების მიხედვით მოიქცნენ.

„ამ მოსახლეობასა დაცენტრ პოინტს“  შორის  ხელშეკრულება პირველად დაიდო 2006 წელს. ეს იყო შუალედური ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მათ უნდა გადაეხადათ თანხა და ჩვენ ამ თანხით აგვეშენებინა საცხოვრებელი კორპუსი.  ვერც ერთმა მხარემ ჩვენ-ჩვენი წილი ვალდებულებები ვერ შევასრულეთ, რადგან მოსახლეობის მხრიდან თანხა სრულად არ იქნა გადახდილი, ჩვენც, ბუნებრივია, მშენებლობა ვერ დავასრულეთ.

დღეს ორივე მხარე მივედით იმ დასკვნამდე, რომ  უნდა გავაგრძელოთ ხელშეკრულება და დავასრულოთ ეს მშენებლობა.

სამოქალაქო კოდექსში არის ასეთი ჩანაწერი, რომ როდესაც ხელშეკრულება ეხება უძრავ ნივთებს, მისი გასაჩივრების ვადა არის 6 წელი. თუ გავიდა ეს ვადა, ხელშეკრულება ხდება ხანდაზმული და თუ მეორე მხარე სასამართლოში გადაწყვეტს დავას, ხანდასმული დოკუმენტის გამო, სასამართლო, ბუნებრივია, არ დააკმაყოფილებს მათ სარჩელს. გამომდინარე იქიდან, რომ 2005 წელს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ორივე მხარეს 2009 წლისთვის უნდა შეესრულებინა თავისი ვალდებულებები, ამ ხელშეკრულების ვადა ამა წლის თებერვლის ბოლოს იწურება. ამიტომ მოვიდნენ ჩვენთან მენაშენეები და გვითხრეს, რომ ხანდაზმულობის ვადა გაგვდის და თუ მოგვინდა ჩვენ მომავალში გასაჩივრება, ყოველ შემთხვევაში, წავაგებთო. ჩვენც მათ მდგომარეობაში შევედით, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ არ გავურბივართ პასუხისმგებლობას და, როგორც კი თანხა შემოვა,  მზად ვართ, დავასრულოთ მშენებლობა. ეს მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა, თორემ ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებდა ეს შეთანხმება. ისინი იყვნენ მოსულები, აქ იყო შეხვედრა და რაც იყო მათი მოთხოვნა, დაკმაყოფილდა. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა დათმობაზე წავედით და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ მათთან გვინდა ნორმალური სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამიტომ გავუგრძელეთ ხანდაზმულობის ვადა. ამით კი საშიშროების ქვეშ ჩვენი თავი დავიყენეთ. მე მგონი, მათთვის ეს კარგია. ეს მათი მოთხოვნის საფუძველზე გაკეთდა, თორემ ჩვენი სურვილი არ ყოფილა ეს ამბავი

რაც შეეხება მეორე პუნქტს, თქვენამდე მე ვესაუბრე ამ ადამიანებს და მათი მთავარი მიზანი არის კორპუსის დასრულება, რომ მიიღონ საკუთრებაში ის, რაც იყიდეს და რაც უნდათ, რომ იყიდონ. და არა ის, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაიჭირონ ხელში. შეხვედრაზე ამ ადამიანებმა, პირველი პუნქტის მსგავსად მეორე პუნქტიც მოიწონეს. მათ ადვოკატი ჰყავთ აყვანილი, მათმა ადვოკატმაც წაიკითხა, მოიწონა. ჩვენ ნამდვილად გვინდა ამ ადამიანებთან თანამშრომლობა, დღეს შემოსული თანხიდან ჩვენ არანაირ სარგებელს არ მივიღებთ. მთლიანი თანხა მოხმარდება ობიექტს, პირიქით, მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ რაც ამ ობიექტზე  თავისუფალი ფართებია, ასევე გავყიდოთ და მოვახმაროთ მათ ობიექტს. ჩვენი მიზანია, ეს კორპუსი დავასრულოთ, ეს ხალხი დავაკმაყოფილოთ. ეს შეთანხმებაც იმიტომ დავდეთ, რომ არ იყოს ეს დაუსრულებელი თანხები, უკმაყოფილო ადამიანები და ა.შ.

ჩვენ ყველანაირ ხელშეწყობაზე მივდივართ, თუმცა, წინასწარ  იმის განჭვრეტა, რაც შეიძლება მოხდეს, შეუძლებელია, რადგან მშენებლობის პროცესში ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი შემთხვევა ხდება.

ეს ხელშეკრულება „ცენტრ-პოინტის“ კეთილი ნებაა, შეგვეძლო, არ გაგვეგრძელებინა ხანდაზმულობის ვადა და სასამართლოშიც ვერ გვიჩივლებდნენ. ამიტომ ეს ჩვენი კეთილი ნებაა, რომ ხალხმა არ ინერვიულოს, არ იფიქროს, რომ რადგან ხანდაზმულობის ვადა დამთავრდა, ჩვენ ვიცილებთ ყველანაირ პასუხისმგებლობას. მე ვიცი ზუსტად, რომ  ამ ობიექტიდან მოგებას არ ველოდებით“, – განაცხადა მარი ცუცქირიძემ.

„კვირა“ ასევე დაუკავშირდა „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საორგანიზაციო სამსახურის უფროსს, ქეთი ჟორდანიას, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე სატელეფონო კომენტარისგან თავი შეიკავა  და დასძინა, რომ მენაშენეების დამოუკიდებელი იურისტი და კომპანიის იურიდიული სამსახური კრებაზე ძალიან დიდხანს მსჯელობდნენ, როგორი დაკუმენტი უნდა შეექმნათ და, მისივე თქმით, შექმნეს ერთობლივი დოკუმენტი, რომელზეც ორივე იურიდიულმა მხარემ თქვა, რომ კარგია, შემდეგ გააცნეს მოსახლეობას და საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელს.

„მე ტელეფონით კომენტარს ვერ მოგცემთ, თქვენ ტელეფონით პასუხი უნდა გაგცეთ იურიდიული სამსახურის უფროსმა. იურიდიული სამსახური ადგენს ხელშეკრულებებს, ყველა იურიდიულ საკითხზე პასუხი მისი კომპეტენციაა. მე ვარ საორგანიზაციო სამსახურის ხელმძღვანელი და ვერანაირ იურიდიულ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მენაშენეები ჩვენთან მოვიდნენ და ჩვენმა იურიდიულმა სამსახურმა მათ პასუხი გასცა. ჩვენ მაღალკვალიფიციური იურისტები გვყავს, რომლებიც თავიანთი პასუხისმგებლობის ქვეშ ადგენენ ხელშეკრულებებს, ქმნიან დოკუმენტებს. მე საორგანიზაციო სამსახურის ხელმძღვანელი ვარ და იურიდიული სამსახურის კომპეტენციაში ვერ ჩავერევი.  რამდენადაც ვიცი, ამ მოსახლეობამ აიყვანა თავისი დამოუკიდებელი ადვოკატი და თავისი დამოუკიდებელი იურისტი, მათი დამოუკიდებელი იურისტი და ჩვენი იურიდიული სამსახური ძალიან დიდხანს მსჯელობდა, როგორი დაკუმენტი უნდა შეექმნათ, შექმნეს ერთობლივი დოკუმენტი, რომელზეც ორივე იურიდიულმა მხარემ თქვა, რომ კარგია, შემდეგ გააცნეს მოსახლეობას და საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელს“,- აღნიშნა ქეთი ჟორდანიამ.

რაც შეეხება კრებას, სადაც განიხილეს ეს შეთანხმება, ქეთი ჟორდანიას თქმით,  კრება იყო გაერთიანებული და მას  ყველა მოსახლე ესწრებოდა, სადაც ყველამ მოიწონა ეს დოკუმენტი.

„კრებას ესწრებოდა მათი იურისტი, ჩვენი იურიდიული სამსახური და საინიციატივო ჯგუფი. ამ კრებაზე არ ვყოფილვარ. მაგრამ ვიცი, რომ კრებაზე შეთანხმდნენ ამ დოკუმენტზე, ვიცი, რომ იქითა და აქეთა მხარეც დათანხმდა, მოიწონეს და დაიწყეს ხელის მოწერა. მოდიან და ხელს აწერენ. თუმცა, დოკუმენტი რამდენად კარგია თუ ცუდია, ვინმეს უფლებებს არღვევს, ამოსაღებია და თუ დასატოვებელია, მე ამაზე ნამდვილად არ ვიცი. მე ვიცი, რომ მოსახლეობა მოდის და ხელს აწერს.

რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფს, ეს ნიშნავს მოსახლეობის მიერ არჩეულ ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც მოსახლეობის ნდობა აქვს, მოსახლეობას შეუთანხმეს ყვეალაფერი და დიდი სიხარულით აწერენ ხელს“,- განაცხადა ჟორდანიამ.

მას ვთხოვეთ ინფორმაცია იმ მენაშენეების რაოდენობის შესახებ, ვისაც შესატანი აქვს კომპანიაში თანხა, რაზეც ქეთი ჟორდანიამ განაცხადა, რომ საკითხი  კონფიდენციალურია, თუმცა იმ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც სრულად დაფარეს შესატანი თანხა, გაცილებით ნაკლებია მათზე, ვისაც შესატანი აქვს ნაშთი.

„შემოსატან თანხებს რაც შეეხება, რამდენს აქვს შემოსატანი თანხა, რამდენს – არა, მსგავსი ინფორმაციის ასე გასაჯაროვება არ ხდება. ის მუხლი, რომელიც დევს ჩვენს ხელშუკრულებაში, იცავს ჩვენი მომხმარებლის კონფიდენციალურობას. მე  ახლა მოსახლეობას ვხვდები… რაში გჭირდებათ, რას გაძლევთ ეს? შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, ვისაც სრულად აქვს დაფარული თანხა, ეს ძალიან პატარა პროცენტია“ , – აღნიშნა ქეთი ჟორდანიამ.

„კვირა“ სხვა დაზარალებულებსაც დაუკავშირდა, რომლებიც რჩეულიშვილებისგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ და სასამართლოსა და პროკურატურაში ჩივილსაც აპირებენ.

ერთ-ერთი ასეთი დაზარალებული, მენაშენე ნიაზ ნიაზაშვილია, რომელიც არ ეთანხმება ახალ შეთანხმებას და მას კომპანიის მორიგ აფერას უწოდებს.

„ეს შეთანხმება ერთი შეხედვითაც კი აფერაა, ეს არის „ცენტრ-პოინტისგან“ თაღლითობის ახალი გზა. უნდათ, რომ ეს თაღლითური და აფიორის პერიოდი კიდევ გაიგრძელონ. ეს ხალხი გადაიღალა ამდენი ლოდინით, ამ ბინძური, უკანონო მოტყუებით. ამ დროს რჩეულიშვილები, თავად ვახტანგ რჩეულიშვილი სცენიდან დასცინის ამდენ დაზარალებულს.

მე 2005 წელს გავაფორმე ხელშეკრულება და ბოლო შესატანი თანხა, როგორც ხელშეკრულება ითვალისწინებდა, 2008 წელს შევიტანე.

ჩვენ ვითხოვთ ხელშეკრულების ყველა პუნქტის შესრულებას. ხელშეკრულებას რომ ვადა ეწურება, ეს ნუ გაუხარდებათ რჩეულიშვილებს. ნახევარი საქართველო მოტყუებული, დაზარალებული ჰყავთ. ხალხმა ბოლო კაპიკები მისცა მათ. რჩეულიშვილებმა კი ამ ადამიანების უკანასკნელი კაპიკების ფასად, თაღლითური გზით, მოიწყვეს ლამაზი ცხოვრება“ , – განაცხადა „კვირასთან“ საუბრისას ნიაზ ნიაზაშვილმა.

„ცენტრ პოინტ ჯგუფი“ ეფექტური სარეკლამო კამპანიის მეშვეობით მრავალ კლიენტს იზიდავდა, რომ ბინები, ჯერ კიდევ არაშენებულ მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსებში შეეძინათ.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშში ვკითხულობთ, ვახტანგ რჩეულიშვილმა, მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა  70 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და ამხანაგობა დააფუძნეს, რომლებიც კლიენტებთან ხელშეკრულებებს დებდნენ  და ვალდებულებას იღებდნენ მათთვის ბინების ჩაბარებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა კომპანიებმა, მართლაც, დაიწყეს მშენებლობები, ცოტა ხნის შემდეგ მათ ვეღარ შეძლეს სამშენებლო მასალების მზარდი ხარჯების დაფარვა.

ამის გამოსასწორებლად, „ცენტრ პოინტი ჯგუფმა“ დაიწყო უფრო ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანია, რაც მიზნად ისახავდა დამატებითი ინვესტიციების მოზიდვასა და აღნიშნული თანხებით თავდაპირველი სამშენებლო პროექტების ხარჯების დაფარვას.

თუმცა, სამშენებლო კომპანიები დროის მცირე პერიოდში ვეღარ ახერხებდნენ რამდენიმე პროექტის ერთდროულად განხორციელებას და მზარდი დეფიციტის შევსებას.

შედეგად, 30 სამშენებლო პროექტი შეჩერდა და 6,158 ოჯახი დაპირებული ბინების გარეშე დარჩა.

დღეს ხოშარაულის პოტენციურმა ბინათმესაკუთრეებმა სასამართლოსა და პროკურატურაში ჩივილი გადაწყვიტეს.

ისინი კომპანიისგან თავდაპირველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, დაუსრულებელ ბინებზე საკუთრების რეგისტრაციას, გადახდილი ფულის უკან დაბრუნებას და ზარალის შესაბამის კომპენსაციას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები