სამთავრობო მმართველობის პრობლემები
გლობალური კრიზისის პირობებში საქართველო მოუმზადებელია, სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა არასახარბიელოა, პოლიტიკური სისტემა არამდგრადია, ქვეყანა ბუნებრივი ინერციის პირობებშია. შესაბამისად, საზოგადოება ან „პოლიტიკური მხსნელის ძებნაშია“, ან ემიგრაციაში ხედავს გამოსავალს.
გლობალური და ლოკალური გამოწვევების პირობებში, საქართველო მსოფლიო საზოგადოებასთან თანამშრომლობით ცდილობს პოლიტიკური გამოწვევებისა და სოციალ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას.
მოცემული სტატიის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის არსებითი პრობლემების წარმოჩენა და რეკომენდაციების შეთავაზება.
დღეს, ნებისმიერი მოქალაქისათვის აქტუალური საკითხია ეკონომიკური პროცესები, განსაკუთრებით სავალუტო კრიზისი. ყველასთვის ცნობილია, რომ გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე, ფასწარმოქმნის პოლიტიკაზე, ვალუტის კურსზე, ცხოვრების პირობებზე, განვითარების ტემპზე, მოსახლეობის კეთილდღეობაზე და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, სავალუტო კრიზისის პრევენციისათვის ახორციელებს ქმედით ღონისძიებებს, როგორიცაა: პრივატიზაციის პროცესი, საგადასახადო სტიმულირება, ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების რეალიზება, “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკის გატარება და სხვა.
ამასთან, მთავრობა მუშაობს განვითარების გეგმებზე, ეკონომიკის გაცოცხლებისათვის საჭირო რესურსების მოძიებაზე, ვალუტის სტაბილიზაციისა და ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფაზე.
ოპტიმისტური ტენდენციების გარდა, აღსანიშნავია ის პრობლემებიც, რომლის გადაჭრაც აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ორგანოს პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას წარმოადგენს.
ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ ქვეყანაში, სახელმწიფო სტრუქტურის ხელმძღვანელობას, აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლობას (მინისტრობას თუ პარლამენტარობას) თან ახლავს “მყარი” ხელფასი დანამატებით, საშვილიშვილო აღიარება და დაფასება (გამონაკლისებისათვის ისტორიაში ადგილის დამკვიდრებაც). მით უმეტეს, იმ რეალობის ფონზე, რომ შედეგებზე პასუხისმგებელი არ ხარ (მთავარია სისხლის სამართლებრივი დანაშაული არ ჰქონდეს ჩადენილი). მაგალითად, დარგის განვითარების პროცესებზე ვალდებულება, გადაწყვეტილების მიღების ეფექტურობა, საზოგადობრივი ურთიერთობის რეგულირებისათვის კანონების მიღება, სტრატეგიების შემუშავება, რეფორმის თუ პროექტის შედეგებზე პასუხისმგებლობა და სხვა, უფრო მორალური და ეთიკური ვალდებულებაა, ვიდრე სამართლებრივი ვალდებულება.
დღეს, როდესაც სახეზეა სავალუტო კრიზისი, რთულია ისაუბრო კონკრეტულად ვისი ან რისი ბრალია, რადგან იგი გამოწვეულია არა ერთი ფაქტორით, არამედ ფაქტორთა რამდენიმე ჯგუფით, როგორც გლობალური ისე ლოკალური, ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორებით. თუმცა ფაქტი ერთია, ეს პროცესი პროგნოზირებადი იყო, შესაბამისად, საჭიროებდა პრევენციის მექანიზმებსა და ლოკალიზაციის დროულ ღონისძიებებს.
რა თქმა უნდა, სახელმწიფოში ინტენსიურად წარმოებს სამთავრობო პროგრამების შემუშავება და პროგრამების განხორციელებისათვის ფინანსური რესურსების მობილიზება. მთავრობის წევრებიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ დაგეგმილი და შემუშავებული პროექტების დაწყებაზე. თუმცა, შემდგომ განხორციელებული პროექტების შედეგების შესახებ საზოგადოება ინფორმირებული არ არის. ხელისუფლების ორგანოები არადამაკმაყოფილებელ შედეგებზე პასუხისმგებლობას „არ აცხადებენ“.
ასეთ ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ მთავარია სამთავრობო მოედანზე მოხვდე, შემდეგ კი სიცოცხლის განმავლობაში “ბურთს” სულ ითამაშებ (ანუ სამთავრობო მართვით იქნები დაკავებული), მიუხედავად იმისა, იცი თუ არა, ან საერთოდ შეგიძლია თუ არა თამაში. ამასთან, მუდმივად საუბარია პროფესიონალიზმზე, კადრების დეფიციტზე, სისტემური ცვლილებების აუცილებლობაზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე.
არსებითია აღინიშნოს, რომ სტატია არ გულისხმობს პრობლემების მოგვარებისათვის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ცვლილების მოწოდებას, ან ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას. უნდა გავითვალისწინოთ ნებისმიერი ცვლილების (არჩევნების) ეკონომიკური შედეგები, სახელმწიფო მომსახურების დანაკარგების მოცულობა მშპ-ში, რადგან, ყოველი მსგავსი ცვლილება საკმაოდ ძვირი უჯდება ქვეყნის ეკონომიკას (რომლის ეკონომიკურ მაჩვენებლებში გაზომვა არ ხდება).
პოლიტიკური რყევები და ცვლილებები მძიმე ტვირთად აწევს საქართველოს ბიუჯეტს, სოციალურ გარემოს, ზრდის უთანასწორობას, უარყოფითად აისახება საინვესტიციო კლიმატის ფორმირებაზე, სამომხმარებლო და საქმიან ნდობაზე. მსგავსი რყევები იწვევს პოლიტიკურ კრიზისებს, ზრდის უმუშევრობას, იწვევს ექსპორტ-იმპორტის სტრუქტურის ცვლილებას, უარყოფით გავლენას ახდენს უძრავ-მოძრავი ქონებით ვაჭრობაზე, აფერხებს ეკონომიკის ზრდას, უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის ფისკალურ მდგომარეობაზე და სხვა.
სამწუხაროა, რომ მძიმე სოციალ-ეკონომიკურ პირობებში, აღმასრულებელი და საკანომდებლო ორგანოს წარმომადგენლები საკუთარი ნებით ტოვებენ თანამდებობებს. ამასთან, არავინ საუბრობს იმ საკითხზე, რომ თავის დროზე, აღნიშნული პირების პროფესიონალიზმსა და თანამდებობების შენარჩუნებისათვის, ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი პრემიები და დანამატები გაიცემოდა. შესაბამისად, საზოგადოება საჭიროებს პასუხს, ასეთ “პროფესიონალიზმში” გადავიხადეთ სოლიდური პრემიები და დანამატები, რომლის შედეგიც მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური ფონია?!
ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ქართული პოლიტიკური კონკურენცია ახალი პოლიტიკური ტექნოლოგიების გამოყენების ნაცვლად წარმოებს დიდი ფინანსური რესურსების ფლობით, არაფორმალური კავშირებით, პოლიტიკური იმუნიტეტით, ბრალდებების მარჯვე გამოხატვით, იდეოლოგიური პროპაგანდით. შედეგად ვიღებთ არამდგრად პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოს, პროგრესის დაბალ ტემპს, სამეცნიერო კადრებზე მოთხოვნის ნაკლებობას, არაეფექტურ მმართველობით გადაწყვეტილებებს, ცალკეული სახელმწიფო უწყებების არაპროდუქტიულ მუშაობას. ქვეყანაში არაპროგნოზირებადია ეკონომიკური გარემო, არასტაბილურია სამუშაო ადგილები, შეჩერებულია ცალკეული პროექტი, დაუფასებელია პროფესორ-მასწავლებელი, არამიმზიდველია მეცნიერ-მკვლევარის საქმიანობა.
ქვეყანაში აქტუალურია საგარეო თემებსა და შორეულ პერსპექტივებზე საუბარი, ამ დროს ნაკლები ყურადღება ეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ანტიკრიზისული გეგმების უქონლობა, ძვირი კრედიტები, საშინაო და საგარეო ვალები, განსახორციელებელი რეფორმები, დასაქმების პრობლემები, მაღალი უთანასწორობა და ა.შ.
ხაზგასასმელია, რომ ქვეყნის ეკონომიკის დიდი ნაწილი ფინანსდება პარტნიორი ქვეყნებისა თუ სხვა უცხოური წყაროებიდან. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური „მდგრადობა“, პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებზეა დამოკიდებული (გრანტები, სუბსიდიები, იმპორტი და ა.შ.). აღნიშნული პროცესი გადაზრდილია მსგავს ქვეყნებთან „ანგარიშვალდებულებაში“. აუცილებელია აღინიშნოს, რომ უცხოურ კაპიტალზე დამოკიდებულება, უცხოური წყაროებიდან დაფინანსება ზრდის სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების რისკებს. შესაბამისად, გლობალური გამოწვევების პირობებში, მმართველობის ეფექტურობა საგარეო ვალების ზრდასა და „საგარეო კურსის“ აღებაში არ უნდა გამოიხატებოდეს.
დღეს, ქვეყანაში შექმნილი სტრატეგიები (დიდი ნაწილი) საერთაშორისო ვალდებულებით „ნაკარნახევი“ დოკუმენტებია. ბუნებრივია, დროულად დაგეგმვისა და მეცნიერთა პოტენციალის გამოყენების პირობებში „კარნახი“ არ დაგვჭირდებოდა. ამიტომ, არსებული გამოწვევების პირობებში, დროა ქვეყნის მართვაში აქტიურად ჩაერთონ მეცნიერები, პროფესორები და დოქტორის ხარისხის მქონე პირები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვეყანა იმ მძიმე პროცესებამდე არ მივიდოდა, რომლის შედეგების პრევენციაზე ფოკუსირებულია კერძო და სახელმწიფო სექტორი, სახელმწიფო მმართველობით საქმიანობაში რომ პროფესორები, მეცნიერ-მკლევარები, დოქტორის ხარისხის მქონე პირები ყოფილიყვნენ ჩართულნი. ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია მოხდეს სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება, მეცნიერთა ანალიზისა და რეკომენდაციების გათვალისწინება, აქტიური ჩართვა სახელმწიფო სტრატეგიებისა და გეგმების შემუშავებაში, ანტიკრიზისული პროცესების დაგეგმვასა და პრევენციის ღონისძიებების გატარებაში.
სახელმწიფო მართვაში, მეცნიერების ჩართვით შეიქმნება სისტემა, რომელიც გაზრდის მართვისა და გადაწყვეტილების მიღების ეფექტურობას, კვლევისა და ანალიზის საფუძველზე შეიქმნება განვითარების სტრატეგიები, შემუშავდება ანტიკრიზისული გეგმები, გატარდება პროგრესისა და ინოვაციის ხელშეწმყობი ღონისძიებები, შესაბამისად, გლობალურ და ლოკალურ ეკონომიკურ გამოწვევებზე დროულად მოხდება რეაგირება.
მმართველობით პროცესში, სამეცნიერო რესურსის გამოყენება შექმნის პირობას, რათა ფორმირებული იქნას ნოვატორული აზროვნების მმართველობითი გარემო, მიღებული იქნას ეფექტური გადაწყვეტილებები და, საბოლოო ჯამში, მიღწეული იქნას საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობა.
სამეცნიერო რესურსით სახელმწიფო მმართველობის ფორმირების პროცესი ხელს შეუწყობს მძლავრი სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ფორმირებას (პოლიტიკური სისტემის ნაცვლად). სახელმწფიფოს მმართველობით პროცესში, მეცნიერები შეიძლება განხილული იქნას, როგორც განვითარების, ზრდის, წინსვლისა და კეთილდღეობის რესურსი.
ამრიგად, შეიძლება აღინიშნოს, რომ:
- თანამედროვე გამოწვევების პირობებში, სახელმწიფოს საკადრო პოლიტიკა უპირატესობას მეცნიერებსა და დოქტორის ხარისხის მქონე პირებს უნდა ანიჭებდეს. აღნიშნული გამოიწვევს მძლავრი სახელმწიფო სისტემის შექმნასა და ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ განვითარებას;
- გლობალური გამოწვევების პირობებში, პროგრესისა და ეკონომიკურ კეთილდღეობის მიღწევისათვის აქცენტი ქვეყანაში არსებულ რესურსებზე უნდა გაკეთდეს;
- საჭიროა სათანადოდ შეფასდეს იმ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლების გადაწყვეტილება, რომელიც ეკონომიკური თუ პოლიტიკური კრიზის პერიოდში, პოლიტიკური ინტერესების გამო ტოვებს თანამდებობას (გარდა იმ შემთხვევისა, თუ მათ გადაწყვეტილებას საზოგადოების მოთხოვნა უდევს საფუძვლად);
- ქვეყნის ცალკეულ სექტორში, მმართველობითი პირებისათვის პრემიების დარიგების ადეკვატურ შედეგებს ვერ ვიღებთ, ხოლო პრემიებს პროფესიონალი კადრების შეკავების ინტრუმენტად აღიქვამენ. თუ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შედეგი არ იქნა დროის კონკრეტულ მონაკვეთში, კონკრეტულ დარგსა თუ სექტორში, ასეთი პირები ჯობია წარმოვაჩინოთ პასუხისმგებლობის დაკისრებით, ვიდრე პრემიების დარიგებით. აღნიშნული პრემიები ხომ ათეულობით ადამიანის (მაგალითად, პროფესორ-მასწავლებლის) ხელფასის დაქვითვის საფუძველზე არის აკუმულირებული;
- სახელმწიფოს საჯარო მმართველობა საჭიროებს ისეთ მექანიზმს, რომელიც პოლიტიკურ სივრცეში ხელს არ შეუშლის ახალი კანდიდატების გამოჩენას, ნოვატორული აზროვნების მეცნიერთა ჯგუფების ფორმირებას და მმართველობაში სამეცნიერო პოტენციალის ჩართვას;
- მანამ, სანამ სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა არ იქნება ეროვნული ფასეულობის მატარებელი, დიდი პასუხისმგებლობით აღსავსე შედეგებზე ორიენტირებული ვალდებულება, და არა მხოლოდ ხელფასის აღების ან იმუნიტეტის მოპოვების საშუალება, მანამდე ქვეყანაში რეფორმების გატარების სურვილი, მზაობა და მისწრაფება დაბალი იქნება;
- მთავრობა ვალდებულია, გააჩნდეს როგორც განვითარების სტრატეგიები, ისე ანტიკრიზისული გეგმები ფორსმაჟორული შემთხვევებისათვის;
- გლობალური გამოწვევები მოითხოვს, რომ მთავრობამ შექმნას ანალიტიკოსთა ჯგუფები, რომელიც დაკომპლექტდება მეცნიერების, პროფესორებისა და დარგის წამყვანი სპეციალისტებისაგან. ანალიტიკური ჯგუფები ხელს შეუწყობს: ქვეყნის განვითარების მიმართულებების განსაზღვრას; გამოწვევებისა და კრიზისული პროცესების პრევენციისათვის ანტიკრიზისული ღონისძიებების შემუშავებას; პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების ეკონომიკურ მაჩვენებლებში შეფასებასა და გაზომვას; ეფექტური გადაწყვეტილების მიღებისათვის რეკომენდაციების შემუშავებას.
ძნელია არ დაეთანხმო იმ აზრს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები არაადეკვატურია, ხოლო პრევენცია ლოგიკური, თუმცა დაგვიანებული. სახელმწიფო ვალდებული იყო, შემუშავებული ჰქონოდა ანტიკრიზისული გეგმა, გაუთვალისწინებელი გამოწვევების პრევენციისათვის.
დაბოლოს, სარწმუნოა, რომ მოცემულ ეტაპზე კრიზისი დაიძლევა მაღალი „ხარკისა“ და ეკონომიკური ზრდის ტემპის მკვეთრად შემცირების ფონზე, თუმცა ჩნდება კითხვა, ვართ თუ არა მზად, გლობალურ კონფრონტაციულ გარემო პირობებში, უფრო მძაფრი ეკონომიკური შოკებისა და გამოწვევებისათვის?
რატი აბულაძე,
ეკონომიკის დოქტორი