რეგულირების სააგენტომ, მარია ბაღდასაროვის მკურნალობის საქმის მოკვლევის მიზნით, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსადმი 22 წლის სტუდენტის მარია ბაღდასაროვის მიმართვას, ამავე სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ხუციშვილი საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
როგორც ნინო ხუციშვილმა განმარტა, იმისთვის, რომ განმცხადებლის მიერ მითითებულ დაწესებულებაში სააგენტომ მოკვლევა დაიწყოს, სასამართლოს ნებართვაა საჭირო. ხუციშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ სასამართლოში შუამდგომლობა უკვე გააგზავნა.
„ეს განცხადება რეგულირების სააგენტოში რამდენიმე დღის შემოტანილია და უკვე შესაბამისი პროცედურები დაიწყო. იმისათვის, რომ ჩვენ შესამოწმებლად შევიდეთ იმ დაწესებულებაში, რომელსაც განმცხადებელი უთითებს, შუამდგომლობა სასამართლოში უკვე გავაგზავნეთ. როგორც კი ჩვენს შუამდგომლობას სასამართლო დააკმაყოფილებს და დაწესებულებაში შესვლის ნებართვას მივიღებთ, საკითხის შესწავლას მაშინვე დავიწყებთ და შესაბამისი კომისია აღნიშნულ დაწესებულებაში მუშაობას და მოკვლევას შეუდგება. სავარუდოდ, ეს კონკრეტული შემთხვევა უკვე ტრამვატოლოგების შეფასებას მოითხოვს“,- აღნიშნა ნინო ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის სტუდენტმა მარია ბაღდასაროვმა მისთვის არასწორად გაკეთებული ოპერაციის შესახებ დღეს „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. როგორც მარიამ განმარტა, საყოფაცხოვრებო ტრავმის შედეგად მას იდაყვში ძვლის ამოვარდნილობა ჰქონდა, თუმცა ჩატარებული ორი ოპერაციის მიუხედავად, პრობლემა უფრო მეტად გამწვავდა და მესამე ოპერაციას საჭიროებს. მარიამ ბაღდასაროვის განცხადებით, მდგომარეობის გაუარესება პირველი ოპერაციის დროს დაშვებულმა შეცდომამ განაპირობა. მისი თქმით, ოპერაციისას შეტანილი იყო ინფექცია, რომლის შემდეგაც გოგონას ხელი უფუნქციო გახდა. პაციენტმა შპს „ტრავმატოლოგის“ ექიმი ტატიანა აკობია, ვინაც მას ოპერაცია გაუკეთა, გულგრილობაში დაადანაშაულა და მის უხეშობაზე ისაუბრა.