ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღეს უპასუხებს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის ბრალდებებს დღეს უპასუხებს. არსებული ინფორმაციით, ქადაგიძე დღეს პრესკონფერენციას გამართავს, თუმცა დრო ჯერ დაზუტებული არ არის. ქადაგიძის განცხადებით, იგი გაეცნო მის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს და მზად არის, დღევანდელ პრესკონფერენციაზე ყველა კითხვას უპასუხოს.
“გავეცანი იმ განცხადებებს, რომელიც კეთდებოდა მთელი დღის განმავლობაში პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. დეტალურად ყველა საკითხზე პრესასთან ვისაუბრებ და ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს”, – განმარტა გიორგი ქადაგიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ლარის კურსის გაუფასურებაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაადანაშაულა. ანალოგიური პოზიცია გამოხატეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმაც.