თბილისის მერია: ავტომანქანა, რომლითაც დავით ნარმანია გადაადგილდება, სანდრა რულოვსის მშობლებს ემსახურებოდა
ავტომანქანა, რომლითაც დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გადაადგილდება, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 2011 წელს შეიძინა და ის საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლის – სანდრა რულოვსის მშობლებს ემსახურებოდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მერია აღნიშნული განცხადებით, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის სევდია უგრეხელიძის მიერ გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება.
“25 თებერვალს საკრებულოს წევრმა სევდია უგრეხელიძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის კომენტირებისას განაცხადა, რომ თბილისის მერი დავით ნარმანია მოძრაობს 100 ათასდოლარიანი მანქანით, რომელიც მისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა შეიძინა. ავტომანქანა, რომლითაც დედაქალაქის მერი გადაადგილდება, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 2011 წელს შეიძინა და ის საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლის – სანდრა რულოვსის მშობლებს ემსახურებოდა. იმის გამო, რომ დედაქალაქის მერი კანონით სარგებლობს დაცვის მომსახურებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 2014 წლის ოქტომბერში აღნიშნული ავტომანქანა თბილისის მერის დაცვის სამსახურისთვის გამოყო და მისი ექსპლუატაციის ხარჯებსაც თავად ფარავს. სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალება თბილისის მერს არ ემსახურება”, – აცხადებენ მერიაში.