იუსტიციის სამინისტრო: პრემია წულუკიანს ევროპული ინტეგრაციის გზაზე გაწეული სამუშოსთვის მიეცა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მინისტრის მიერ გასული წლის განმავლობაში აღებულ პრემიასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრისთვის თეა წულუკიანისთვის პრემია 5000 ლარის ოდენობით, ორჯერ – ივნისსა და ივლისში გასცა.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, პრემია წულუკიანს ევროპული ინტეგრაციის გზაზე გაწეული სამუშოსთვის მიეცა.
თეა წულუკიანის მრჩევლის ნიკა ახალბედაშვილის თქმით, ეს იყო პრემიერის გადაწყვეტილება.
„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ივნისსა და ივლისში ორჯერ გასცა იუსტიციის მინისტრისთვის პრემია 5000 ლარის ოდენობით, რაც არის მინისტრის ხელფასი. მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს რიგითი თანამშრომლები გაწეული სამუშაოების მიხედვით იღებდნენ პრემიებს მკაცრად დადგენილი წესით, რომელიც მთავრობამ განსაზღვრა“, – განაცხადა ახალბედაშვილმა.
ორგანიზაცია IDFI-მ მინისტრთა კაბინეტის წევრების შრომის ანაზღაურებისა და პრემიის სახით მიღებული თანხების შესახებ მონაცემები გუშინ გამოაქვეყნა.
როგორც ირკვევა, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს 2014 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებული აქვს ყველაზე მეტი, 87 500 ლარი (ხელზე 70 000 ლარი), აღნიშნული თანხიდან, 75 000 ლარი წარმოადგენს მის თანამდებობრივ სარგოს და პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სახელფასო დანამატს, ხოლო დანარჩენი (12 500 ლარი) იუსტიციის მინისტრს მიღებული აქვს პრემიის ან სხვა დანამატის სახით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები