ბიძინა ივანიშვილი: ეროვნული ვალუტის კრიზისამდე თავისი უმოქმედობით გიორგი ქადაგიძემ მიგვიყვანა

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს.
როგორც ყოფილი პრემიერის სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აშკარად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ქვეყანაში შექმნილ არასწორ მოლოდინებთან, სპეკულაციურ გარიგებებთან და აჟიოტაჟთან, რომლის შექმნასაც დიდი მონდომებით ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი “ექსპერტები”.
“სწორედ ეროვნული ბანკის კომპეტენცია და პირდაპირი მოვალეობა იყო სიტუაციის სწორად მართვა, რათა საქმე არ მისულიყო არაადეკვატურ განვითარებამდე. ჩვენ კი დავინახეთ საწინააღმდეგო, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე. ვალუტის კურსის ნახტომისებური ცვლილების თავიდან აცილების მიზნით რეგიონის სხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიღეს (სომხეთი – 34%, მოლდოვა – 30%), რამაც დღეისთვის მათი ვალუტების სტაბილურობის ტენდენცია განაპირობა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი ოფიციალური რეზერვების მხოლოდ 5%-მდე (120 მლნ. დოლარი) დახარჯა, რაც შედეგს ვერ გამოიღებდა და ვერც გამოიღო. ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ბერკეტი, რომ უზრუნველყოს მცურავი კურსის პირობებში ეროვნული ვალუტის დასტაბილურება. ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2.0 ლარს და მოვუწოდებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები”, – აღნიშნავს ყოფილი პრემიერი განცხადებაში, რომელსაც ”საზოგადოება 20/30“ ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები