თეა წულუკიანს სასამართლოში უჩივიან

იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს სასამართლოში უჩივიან. როგორც ასოციაცია „მომავლის იმედის“ ხელმძღვანელი თამარ ხაჭაპურიძე აცხადებს, ბავშვების საზღვარგარეთ გასაყვანად დოკუმენტების გაყალბება რეესტრში ხდებოდა. „ბავშვების საზღვარგარეთ გასაყვანად დოკუმენტების გაყალბება ხდებოდა რეესტრში და მაქვს კონკრეტული ფაქტები. აღმოჩნდა, იუსტიციის სამინისტრო ძალიან სწუხს, რომ სამოქალაქო რეესტრში ყალბდებოდა ეს მოწმობები, გადაფარვა მოინდომეს და განაცხადეს, რომ ხაჭაპურიძეს მტკიცებულებები არ აქვს, რადგანაც მტკიცებულებებად მომთხოვეს, დამესახელებინა, კონკრეტულად რომელმა თანამშრომლებმა გააყალბეს ეს დოკუმენტები იუსტიციის სახლში.
მე რა ვიცი, კონკრეტულად ვინ გააყალბა? ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. რაზეც ხმამაღლა ვაცხადებ, (ყვირის) ეს არის ზღვარგადასული უსინდისობა და უკვე ეჭვი მეპარება, რომ ეს დამნაშავეები იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რადგანაც წულუკიანი ასეთ რამეზე მიდის, რომ ჩემს საწინააღმდეგოდ სიცრუის კამპანია წამოიწყო. გამოვიდა გენინსპექციის უფროსის მოადგილე და ჩემს წინააღმდეგ ბრიფინგი მოაწყო, ხაჭაპურიძემ ხელი არ მოაწერა ოქმზეო. რასაც არ ვამბობდი, იმას წერდნენ ოქმში. კონკრეტულად, გინდა, თუ არა ის თქვი, რომ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებზე არ გაქვს ინფორმაცია და მათ დანაშაულს ვერ ხედავო.
მე ეგ როგორ უნდა ვთქვა, ეგ უნდა გამოიძიონ, ვინ გააყალბა, რადგანაც კონკრეტულ ბავშვებსა და ფაქტებს ვასახელებ და მათ დაბადების მოწმობებზე ვის მიუწვდებოდა ხელი, არ უნდა გამოიძიონ? ამ დროს ასჯერ შემიტრიალა ეს გამომძიებელმა, ქრისტინემ, გვარი არ მახსოვს. თუ ჩემი შავი პიარი აქვთ დაგეგმილი, მაშინ გამოდის, რომ ჩემს წინააღმდეგ მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობს. დავრეკე სახალხო დამცველის ოფისშიც, სადაც პროკურატურიდან 2013 წელს მისულია დოკუმენტი, რომელშიც ჩამოწერილია დაბადების მოწმობების გამყალბებელი ადამიანები, მაგრამ ამ საქმეს შეეფარდა ამნისტია. წულუკიანს სასამართლოში ვუჩივლებ და ვაჩვენებ, მაქვს თუ არა მტკიცებულებები“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ „ალიასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები