ღარიბაშვილმა ნარმანიას შეხვედრაზე უარი უთხრა

დედაქალაქის მერიის მაღალჩინოსნის ჯოკია ბოდიკიას დაკავებამ დიდი არეულობა გამოიწვია. იმის შიშით, რომ კორუფციაში სხვა მაღალჩინოსნების მონაწილეობა არ გამოვლინდეს და ამან დედაქალაქის მერის გადადგომის საკითხი არ დააყენოს დღის წესრიგში, დავით ნარმანიამ დახმარების თხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, რაზეც უარი მიიღო. ამის შესახებ გაზეთი ,,ალია“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით სტატიას აქვეყნებს.
წყაროს ცნობით, დავით ნარმანიას ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა უთხოვია, რაზეც უარი მიუღია. ამასთან, ღარიბაშვილს გაუფრთხილებია, რომ მერიიდან ყველა ის თანამშრომელი დროულად დაითხოვოს, ვინც კორუფციაში არიან შემჩნეული, წინააღმდეგ შემთხვევაში, თან გადაგიყოლებენო.
,,გამოცემას აცნობეს, რომ ნარმანია ბოდოკიას საქმის ჩაფარცხვით არის დაკავებული და ყველანაირად ცდილობს, რომ მან მერიის სხვა დიდმოხელენი არ გადაიყოლოს. ამავე წყაროს ინფორმაციით, გუშინ ნარმანია მთელი დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებას ცდილობდა და მისი სატელეფონო ზარისთვის პრემიერს მხოლოს საღამოს უპასუხია. ნარმანიას პრემიერისთვის შეხვედრა უთხოვია, მაგრამ ღარიბაშვილს უარი უთქვამს და რჩევა მიუცია, მაქედან ეგ ხალხი დროულად მოიშორე, ვიდრე შენც არ გადაგიყოლებენო. ღარიბაშვილი დარწმუნებული ყოფილა, რომ თავად ნარმანია კორუფციაში გარეული არ არის, მაგრამ მას უთქვამს, რომ ის რამდენჯერმე გააფრთხილა, ცუდი ხმები მომდის მერიიდან, ჩემი წყაროებით გადავამოწმე და დასტურდება, რომ მერიაში რიგი მაღალჩინოსნები კორუფციაში არიან გარეულნი და ამ ხალხს დროულად მიხედე, მაგრამ ვიდრე ჯოკია ბოდოკია ქრთამზე არ დაიჭირეს, დათომ მანამდე ყური არ შეიბერტყაო.
ნარმანიამ ღარიბაშვილს შეხვედრა რატომ სთხოვა, ეს შეიძლება ვერ გავიგოთ, მაგრამ სანდო წყარო აცხადებს, რომ ნარმანიას სურს, ღარიბაშვილმა საგამოძიებო ორგანოებზე ზეწოლა მოახდინოს, მერიაში კორუფციის გამოძიების საქმე ბოდოკიაზე შეჩერდეს და სხვები არ დაიჭირონ. ნარმანია კარგად ხვდება, რომ მერიის სხვა მაღალჩინოსანთა დაჭერები კორუფციული ბრალდებებით, მის ისედაც ფერმკთალ იმიჯს სულ მთლად გააცამტვერებს და მეტიც, დღის წესრიგში აუცილებლად დადგება თავად დავით ნარმანიას გადადგომაც. ნარმანიას სწორედ ამ საფრთხის ეშინია და თავისი ხელქვეითების გადასარჩენად ამიტომაც ირჯება“,-აღნიშნავს გამოცემა.
წყაროს ინფორმაციით, დავით ნარმანიამ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაც სთხოვა, მაგრამ ამაზეც უარი მიიღო.
როგორც გაზეთი აღნიშნავს, ივანიშვილს ნარმანიასთან უკვე რამდენიმე თვეა პირდაპირი კონტაქტი აღარ ჰქონია და ის მხოლოდ ღარიბაშვილისა და სხვა შუამავლების პირით უთვლის სათქმელს ნარმანიას.
გარდა ამისა, წყაროს ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანოები უახლოეს მომავალში მერიის მიერ ჩატარებული ტენდერებითაც დაინტერესდება.
,,შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო სავარაუდოდ ძალიან მალე დაინტერესდება მერიის მიერ გამართული ოცამდე ტენდერით, რომლებიც 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა. წყაროს ინფორმაციით, ამ ტენდერებში კორუფციული სქემები იკვეთება, ამის შესახებ ანტიკორუფციულ სამსახურს გარკვეული ინფორმაცია უკვე აქვს და სავარაუდოდ, ამ ტენდერების გამარჯებული კომპანიები მერიის მაღალჩინოსანთა ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ეკუთვნით“,- წერს გაზეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები