ჯანდაცვის მინისტრი მედიკამენტებზე ფასების მომატებას ადასტურებს
„500-მდე მედიკამენტზე ფასი 15-20%-ის ფარგლებში არის მომატებული“, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც დავით სერგეენკომ პრესკონფერეციაზე აღნიშნა, სამინისტრო უწყება მედიკამენტების ფასებზე მონიტორინგს აწარმოებს და, სამწუხაროდ, მედიკამენტებზე ფასები ბოლო პერიოდში შეიცვლება.
“გუშინდელი მდგომარეობით, 15 000 საბაზრო დასახელებიდან 500-მდე მედიკამენტზე ფასი მომატებულია 15-20%-ის ფარგლებში. რაც შეეხება დანარჩენ რამდენიმე ათას მედიკამენტს, ყოველთვის იყო და ალბათ ყოველთვის იქნება, ზოგი ძვირდება და ზოგი იაფდება. ფასების ზრდის ტენდენცია გამოხატულია 500-მდე დასახელების მედიკამენტზე”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ამასთანავე, მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქციაა, ნებისმიერი საკითხის მართვაში მიიღოს მონაწილეობა, რაც ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობას ეხება.
“ჩვენ გვქონდა და გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომლის დამუშავება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. პირველი შედეგი ათ დღეში იქნება. თუმცა, გუშინ მე მივესალმე და კიდევ გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას ფარმაცევტული კომპანია PSP-ს მიმართ, რომელმაც გამოხატა კეთილი ნება და გუშინ პირველ ათ მედიკამენტზე ფასები 20%-ით შეამცირა. როგორც გვპირდება, ეს გაგრძელდება და პირველ დარტყმას შეამსუბუქებს. უახლოესი დღეების დინამიკას დავაკვირდებით, რამდენად შეძლებს იგივე PSP ამ ტენდენციის შენარჩუნებას, ან რამდენად გაიზიარებენ მის მაგალითს სხვა ფარმაცევტული კომპანიები. ჩვენ ფაქტობრივად ყოველდღიურად ვაჯამებთ მონაცემებს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა დავით სერგეენკომ. თუმცა მინისტრმა იქვე დასძინა, რომ ერთი მედიკამენტის გაძვირება შეღავათს არ აძლევს მეორე მედიკამენტს.