ნინო ბურჯანაძე „ნაციონალებს“ – „უკრაინიდან ჩამოსვენებულ ქართველებს, აეროპორტში ხვდებით და შოუებს დგამთ“

სად იყო “ნაციონალური მოძრაობა”, როდესაც აფხაზეთში დაღუპული ზალდასტანიშვილის ოჯახის 4 წევრი გადმოასვენეს?! – ამ კითხვით მიმართა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრს გივი თარგამაძეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემა „არჩევანში“.
ამასთან, ნინო ბურჯანაძე დაინტერესდა, თუ რატომ არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სამების ტაძარში იმ ქართველი მეომრების სამოქალაქო პანაშვიდს, რომლებიც აფხაზეთიდან რამდენიმე დღის წინ გადმოასვენეს.
„ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ფაქტიურად ხალხს ავიწყებდა სამაჩაბლოს და აფხაზეთს. აფხაზეთი ჩვენი განუყუფელი ნაწილია. აფხაზეთში დაღუპული ბიჭები ნაკლებად არ უნდა სტკიოდეს არც ძველ ხელისუფლებას და არც ახალ ხელისუფლებას. მე მაინტერესებს სად იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ან წარმომადგენლები, დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული ზალდასტანიშვილიების ოჯახის 4 წევრი აფხაზეთიდან გადმოასვენეს. თუნდაც, დღეს, როდესაც ახალგაზრდა 5 ბიჭი, რომლებიც მაშინ აფხაზეთში დაიღუპნენ და დღეს სამებაში იყვნენ დასვენებულნი. მე ყველას ვუთანაგრძობ, არცერთი ქართველი არ მემეტება დასაღუპად… არ აქვს მნიშვნელობა სად დაიღუპება ქართველი, მაგრამ უკრაინიდან ჩამოსვენებულ ქართველებს, აეროპორტში რომ ხვდებით და მაპატიოს მათმა სულებმა, მათ დაღუპვას შოუებად დგამთ, „ნაციონალური მოძრაობა“, რატომ არ გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ახალგაზრდების დაკრძალვაზე, რატომ მათი მიცვალებულები არ არიან?!” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები