მერაბ ტურავა “ბიზნეს კურიერს“ სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს
მერაბ ტურავა ,,რუსთავი 2-ის“ გადაცემა ,,ბიზნეს კურიერს“ სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.
როგორც ტურავა აცხადებს, მიმდინარე წლის 21 თებერვალს, შაბათს, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ის“ მიერ მომზადებული და აკაკი გოგიჩაიშვილის ,,ბიზნეს კურიერში“ ნაჩვენები სიუჟეტი მიზნად ისახავდა საზოგადოების თვალში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ნინო გვენეტაძისა და მისი, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, დისკრედიტაციას.
“სიუჟეტი წარმოადგენს ფაქტების აშკარა ფალსიფიკაციისა და არასწორი ინტერპრეტაციის გზით ბინძური ცილისწამების მცდელობას. მისი მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს შევარდნაძის დროის მე და ნინო გვენეტაძე ,,უკანონოდ ხალხს ციხეში ვსვამდით და ფულს ვძალავდით“. ,,ბიზნეს კურიერში“ ამ სიუჟეტის ჩვენება რომ დაესაბუთებინა, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ თითქოს ყველაფერ ამას კავშირი ჰქონდა ბიზნესის დატერორებასა და ინვესტორების დაშინებასთან.
მივყვეთ გადაცემის მსვლელობას:
ვინმე გოჩა ბარბაქაძეს ჯართის ქურდობისათვის გარდაბნის რაიონული სასამართლოს მოსამართლის – მამუკა ჩხეიძის მიერ მიესაჯა პირობითი სასჯელი. საოლქო სასამართლომ სასჯელი შეცვალა 4 წლით რეალური თავისუფლების აღკვეთით, ხოლო უზენაესმა სასამართლომ სასჯელის ზომად განუსაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს არის სისხლის სამართლის საქმის ინსტანციებში განხილვის ჩვეულებრივი პროცედურა.
გადაცემაში გაშუქდა, თითქოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ისე გაუგებრად იყო დაწერილი, რომ სათანადო ორგანოები ვერ არკვევდნენ, დაეკავებინათ თუ არა მსჯავრდებული. უზენაესი სასამართლოს განჩინებაში არ იყო მითითებული, რომ აღსრულება დაევალოს პოლიციას.
გადაცემის ეს ტექსტი არის კანონის უცოდინარობის ნათელი გამოვლინება. გადაცემის ავტორებმა არ იცოდნენ, ან შეგნებულად იცრუეს. იმდროინდელი საპროცესო კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ასეთი აღსრულების დავალება მიეცა პოლიციისათვის, რადგან პირი არ იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში. კანონიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმე დაუბრუნდა განაჩენის გამომტან სასამართლოს, რომელსაც უნდა გაეცა განაჩენის აღსრულების განკარგულება. თუ რაიონული სასამართლოს მოსამართლე დაინტერესებული იყო აღსრულების გაჭიანურებით, რადგან თავდაპირველად მან ბარბაქაძეს პირობითი მსჯავრი შეუფარდა, ამასთან არავითარი კავშირი არა აქვს საკასაციო პალატასა და მოსამართლეებთან – გვენეტაძესა და ტურავასთან.
გადაცემაში ასევე ნაჩვენები იქნა გარდაბნის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მამუკა ჩხეიძის მიერ ქრთამის აღების ფაქტი. გაუგებარია, ეს კადრები რატომ იქნა მიბმული გვენეტაძე-ტურავას მიერ ფარული ჩანაწერის მტკიცებულებად გამოყენებასთან დაკავშირებით ,,თავისუფლების ინსტიტუტში“ გამოთქმულ არასაჯარო მოსაზრებას. ეს საუბარი არ უკავშირდებოდა მოსამართლე მამუკა ჩხეიძის მიერ ქრთამის აღების ფაქტის ფარულ ჩაწერას. გვენეტაძე-ტურავას მიერ არსად არ თქმულა, რომ ვინმეს უფლება არ ჰქონდა, ემხილებინა მექრთამე მოსამართლე ან სხვა თანამდებობის პირი.
მაშინ გავრცელებული იყო ფარული ჩაწერების არაკანონიერი პრაქტიკა, რომელიც ხელყოფდა პირადი ცხოვრების საიდუმლოებას. გვენეტაძე-ტურავას მოქმედების მთავარი ლეიტმოტივი იყო, რომ არ მიეღოთ უკანონო ფარული ჩანაწერები მტკიცებულებად, რადგან ასეთი ჩაწერები ხშირად ხორციელდებოდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ. შემდეგ ხდებოდა ამ ჩანაწერებით ბიზნესმენებისა და სხვების დაშანტაჟება, და თუ გარკვეულ თანხას არ გადაიხდიდნენ, ამ ჩანაწერების – ჟურნალისტებისათვის გადაცემა და გამჟღავნება. გვენეტაძე-ტურავა სწორედ მაშინდელი ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას ეწინააღმდეგებოდნენ და არა კრიმინალზე კანონიერ რეაგირებას სახელმწიფოს მხრიდან. ასევე ითხოვდნენ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც მოგვიანებით განხორციელდა კიდეც“,-აცხადებს ტურავა.
მისვე თქმით, სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ბოროტ მცდელობას წარმოადგენს ის, რომ თითქოს გვენეტაძე-ტურავამ მიმართეს პრესას და პროკურატურას მოთხოვნით, რომ დაეჭირათ ,,60 წუთის“ ჟურნალისტები.
“ბოკერიას და ბეჟაშვილის განცხადებები, რომ თითქოს ისინი მოსამართლეების სახელით პროკურატურას სთხოვდნენ ჟურნალისტების დასჯას, აბსურდია. მათი სახელით ასეთი მიმართვის გამოქვეყნებას ადგილი არ ჰქონია. უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის სახელით გავრცელებულ ერთ-ერთ განცხადებას არავითარი შემხებლობა არ ჰქონია გვენეტაძე-ტურავასთან. ეს მიმართვა გამოწვეული იყო ,,60 წუთის“ მიერ ვალერი ასათიანის მიმართ გავრცელებული ბინძური ცილისწამებით, თითქოს მან ჩაიდინა მკვლელობები. ამ ფაქტის გამო სასამართლომ ,,60 წუთი“ სოლიდური თანხით დააჯარიმა. მაშინ „60 წუთის“ რამდენიმე გადაცემა მიეძღვნა კულტურის ყოფილი მინისტრის მიმართ ცილისწამებას, თითქოს მას ჩატარებული ჰქონდა სატანისტური მკვლელობა. გადაცემამ ვალერი ასათიანს პირდაპირ 2 კაცის მკვლელობაში დასდო ბრალი. ვინაიდან გადაცემა გავიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით, მას მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ათასი ლარის ოდენობით დაეკისრა.
უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებული წერილი სწორედ ამ და სხვა მსგავსი ფაქტებით იყო გამოწვეული. რა შუაშია ამ განცხადებასთან გვენეტაძე-ტურავა.
ასევე სრულიად აბსურდულია გვენეტაძე-ტურავას მიმართ ,,ბიზნეს კურიერის“ მიერ ,,წაყენებული ბრალდება“, რომ მათ თითქოს გამოუშვეს ქრთამის აღებისათვის ბრალდებული პირები და თითქოს ქრთამის აღება უკიდურესი აუცილებლობით გაამართლეს.
იმ საქმეში, რომელსაც ბატონი ბოკერია გულისხმობდა, არავის არ ჰქონდა წაყენებული ქრთამის ბრალდება, არც ბრალდებულთა გამართლება და გამოშვება მომხდარა სასამართლოს მიერ. რაც შეეხება უკიდურეს აუცილებლობას, ეს სულ სხვა კონტექსში იქნა გამოყენებული და არა ქრთამის აღების გამამართლებლად.
სრული სიცრუეა მკვლელობის საქმეში გვენეტაძე-ტურავას დადანაშაულება, თითქოს ბრალდებულს სასჯელი უკანონოდ დაუმძიმეს. საქმე ეხება ძმის მიერ ძმის მკვლელობას. საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა დედა. სასამართლომ ჩათვალა, რომ დედა არ შეიძლება ყოფილიყო მკვლელი შვილის სუბსიდიური ბრალმდებელი, რის გამოც მოუხსნა მას დაზარალებულის სტატუსი. ამასთან, ქალი, რომელიც ათ წელზე მეტი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოფა მოკლულთან და ჰყავდათ საერთო შვილები, აღიარა დაზარალებულად. ასეთი ფაქტობრივი ცოლქმრული ურთიერთობის აღიარება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აქვს კანონიერად მიჩნეული. ამასთან, შვილები, მამის მკვლელობის შემთხვევაში, ითვლებიან დაზარალებულებად, ხოლო დედა მათ კანონიერ წარმომადგენლად, რადგან ისინი არასრულწლოვანები იყვნენ. ამ გზითაც ჰქონდა ქალს სასჯელის დამძიმების მოთხოვნის უფლება, რაც გაიზიარა ყველა ინსტანციის სასამართლომ.
პროფესიული ეთიკის სტანდარტებს აშკარად სცილდება ადვოკატ რიჟამაძის განცხადება გადაცემაში. ეს ის ადვოკატია, რომელიც იუსტიციის საბჭოს მაშინდელმა ერთ-ერთმა წევრმა საბჭოში დაიბარა და მოსამართლედ დანიშვნის სანაცვლოდ გვენეტაძე-ტურავას წინააღმდეგ საჩივრის დაწერა თხოვა. ეს ფაქტი მაშინდელმა ტელევიზიებმა ფართოდ გააშუქეს.
სრულიად გაუგებარია გადაცემის ის ადგილი, რომელიც დაკავებული გემიდან ამოღებული დოკუმენტის მტკიცებულებად გამოყენებას ეხება, რომელიც ადასტურებდა აფხაზეთის ტერიტორიაზე გემის ყოფნის ფაქტს. არაღიარებულ ტერიტორიებზე გაცემული დოკუმენტების მტკიცებულებად მიჩნევა, თუ ის ამა თუ იმ ფაქტს ადასტურებს, არის საერთაშორისო პრაქტიკა და მას ალტერნატივა არა აქვს. აღნიშნული არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას.
სრული აბსურდია ბოკერიას მიერ იმის მტკიცება, რომ სანამ დაინიშნებოდნენ გვენეტაძე-ტურავა, შევარდნაძის სისტემის ნაწილი იყვნენ. ამოიღონ კადრები არქივიდან, თუ როგორი ზარ-ზეიმით გაამწესეს სააკაშვილმა და ჟვანიამ ორივე მოსამართლის თანამდებობაზე, თანაც უგამოცდოდ, როგორც სამართლის აღიარებული სპეციალისტები.
უმჯობესი იქნებოდა, ტელეკომპანიას გამოეკვლია, შევარდნაძის ეპოქაში, თუ როგორ გახდა ნიკა გვარამიას მეგობარი – ნინო კალანდაძე იურიდიული განათლების სრული კურსის გავლის გარეშე პირდაპირ იურისტის ქართული წარჩინების დიპლომის მფლობელი. სწორედ ამ ორმა პიროვნებამ გაგვათავისუფლა უკანონოდ მე და ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან.
გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია, ისევე როგორც 2005-2006 წლებში, ტელევიზიას და ჟურნალისტებს კვლავაც იყენებენ სიცრუისა და ბოროტების პროპაგანდის გზით ადამიანთა დისკედიტაციის ინსტრუმენტად“,-აცხადებს ტურავა.