ნიკა გვარამია დაშვებულ შეცდომებს აღიარებს და განმარტებას აკეთებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საკუთარ შეცდომებზე საუბრობს. როგორც ნიკა გვარამია „Forbes Georgia“ -სთან ინტერვიუში აცხადებს, როდესაც ის გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა, ფარულ მოსმენებს ოპონენტებთან საბრძოლველად იყენებდა. მისი თქმით, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც პირადად მან დაუშვა.
“ჩვენც ვიყენებდით ამას პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად და ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც პირადად მე დამიშვია. მე არ მიმიღია ამის გადაწყვეტილება, მაგრამ მე ვყოფილვარ ამის ნაწილი და ამისთვის ხელი არ შემიშლია, როგორც მინიმუმ და ეს ამ ხელისუფლების უმძიმესი შეცდომაც არის.
ამ ხელისუფლებამ ხომ იცის, რომ წინა ხელისუფლების მთავარი პრობლემა ეს იყო? ზუსტად ამ რიტორიკით არ გაუშვეს ის ხელისუფლება? ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობა გაცილებით დიდია. მათ თვალწინ აქვთ კონკრეტული მაგალითი – ისტორიული კი არა, გუშინდელი დღის. ეს იყო უმძიმესი შეცდომა.”
მისი თქმით, მას შეეძლო ამ პროცესისითვის ხელის შეშლა.
“კი, შემეძლო. მგონია, რომ შემეძლო. ყოველ შემთხვევაში რაღაც კორექტივების შეტანა მაინც შემეძლო. იმის არგაკეთება მაინც შემეძლო, რაც მე თვითონ გამიკეთებია და არ იყო მთლად სწორი. მე არ ვამბობ, რომ ამით კანონს ვარღვევდი, არა! არც ერთხელ არ დამირღვევია კანონი, და ყველა ის მოსმენა, რომელიც გამოქვეყნდა, კანონიერად იყო მოპოვებული. მაგრამ მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას. ეს საშუალებები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ამან გარკვეული სიკეთე მოიტანა, მაგრამ სიკეთეზე მეტი მოიტანა პრობლემები. ჩვენ ვნახეთ, რომ ამან გარკვეულწილად გარყვნა სახელმწიფო მანქანა და უკანონო მოსმენების ტრადიციას ხელი შეუწყო. დღეს ვხვდები, მაშინ უნდა გვეფიქრა, რომ ჩვენი ქმედება უკონტროლო პროცესებს გამოიწვევდა და უკონტროლო პროცესებს ყოველთვის უნდა ერიდო, მათ შორის შენი კანონიერი, სწორი, ლოგიკური და ლეგიტიმური ნაბიჯებითაც კი ამას ხელი არ უნდა შეუწყო”, – ამბობს გვარამია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები