ლუკა კურტანიძე: პირდაპირ ვაცხადებ – არ დავინდობ არავის!

პირველ რიგში, ვიქნები შეუპოვარი. პირდაპირ ვაცხადებ – არ დავინდობ, ვინც ერისა და ქვეყნის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს, განურჩევლად იმისა, რომელი პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენელი იქნება,- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ პარლამენტის წევრი გახდა. როგორც კურტანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, პარლამენტში ,,ნაციონალებთან“ ერთად მუშაობა რთული იქნება.
,,პირველ რიგში, ვიქნები შეუპოვარი, სამართლიანი და საპარლამენტო საქმიანობაში უზარმაზარ შრომას ჩავდებ. პირდაპირ ვაცხადებ – არ დავინდობ, ვინც ერისა და ქვეყნის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს, განურჩევლად იმისა, რომელი პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენელი იქნება. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ადამიანურად და მორალურად ადვილი არ იქნება, თუმცა, პარლამენტში ჩემი შესვლით დისკომფორტი, პირველ რიგში, იმ ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომლებიც საქართველოს ცხრა წლის განმავლობაში ანადგურებდნენ“,- ამბობს კურტანიძე.
ამასთან, მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოში მისი ძირითადი საქმიანობა აფხაზეთის თემას შეეხება.
,,ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტში აფხაზეთიდან დევნილი ერთადერთი დეპუტატი ვარ და ეს პასუხისმგებლობას მიორმაგებს. დღეს საპარლამენტო საქმიანობაშიც ჩემი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი აფხაზეთის თემა იქნება. და კიდევ, იმ ადამიანებს, რომლებსაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მთლიანად ოკუპაციაში დიდი წვლილი მიუძღვით და დღეს პარლამენტში ,,მთავარი ოპოზიციის“ სტატუსით სხედან, ჩემგან მუდმივი დისკომფორტი ექნებათ“,- აღნიშნა ლუკა კურტანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები