დავით ნარმანიამ „განსაკუთრებულ შეთანხმებას“ ხელი მოაწერა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ „განსაკუთრებულ შეთანხმებას“ მოაწერა ხელი. შეთნხმება შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკისა (KFW) და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამნისტროს შორის გაფრომდა. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ განხორციელებას, რისთვისაც 22 მილიონი ევრო გამოიყო.
„ქუთაისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი ჩვენთვის პირველი ევროპული სტილის რეგიონული მნიშვნელობის პროექტია. ყველა ძირითადი მოსამზადებელი პროცედურა უკვე დასრულებულია. დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის შემდეგაც უკვე დაიწყება საპროექტო სამუშაოები და მას მოყვება სამშენებლო სამუშაოები. როგორც კი ახალი ნაგავსაყრელი ექსპლოატაციაში შევა, ქუთაისში ამჟამად არსებული ნაგავსაყრელი დაიხურება“, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში ახალი ნაგავსაყრელების მშენებლობის მიზნით შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღნიშნული კვლევის საფუძველზე მომავალი წლიდან დაგეგმილია ზემოთხსენებულ რეგიონებში ორი ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა.
„ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი“ გულისხმობს 2016 წლის ბოლომდე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობას ქუთაისში და ძველი ნაგავსაყრელის ევროპული სტანდარტების შესაბამისად დახურვას. პროექტში, ასევე, გათვალისწინებულია ტექნიკური დახმარების კომპონენტი, რაც კომპანიის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, შესაბამისი პროგრამების დაფინანსებას მოიცავს.