რა კავშირი აქვს უზენაესი სასამართლოს სერვერს ნინო გვენეტაძესთან – რატომ გაითიშა სერვერი

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, უზენაეს სასამართლოში ნინო გვენეტაძის წინააღმდეგ საბოტაჟი მზადდება. ადვოკატის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც, ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად დასახელდა, უზენაესი სასამართლოს სერვერი საეჭვოდ გაითიშა. როგორც ხაჭაპურიძე გამომცემლობასთან აცხადებს, ნინო გვენატაძეს „ნაციონალები“ საბოტაჟს უმზადებენ და ამ ყველაფრის რეჟისორები არიან: იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე.
მისი თქმით, როგორც კი საქართველოს პრეზიდენტმა ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად დაასახელა, „ნაციონალების ბანაკში“ პანიკა ატყდა.
„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძის დასახელებისთანავე ბანაკში დიდი ფაცი-ფუცი და პანიკა ატყდა. მაშინვე იუსტიციის საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ იუსტიციის საბჭო მოიწვია და ფორსირებულად მოინდომეს, რომ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარედ „ნაციონალების“ კადრი დაენიშნათ. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის განკარგულებასი შედის სასამართლოების შენობები, მოსამართლეთა მანტიები და სასამართლოს ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ინვენტარი. მოკლედ, მატერიალური და ინფრასტრუქტურული, რასაც კი სასამართლოების დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელი განაგებს. იმის გამო, რომ არ გამოაშკარავდეს, როგორ ტარდებოდა ტენდერები სასამართლო სისტემაში, სად და როგორ იჭრებოდა ფული, როგორ განიკარგებოდა სახელმწიფოს კუთვნილი დიდძალი თანხები და ასე შემდეგ. „ნაციონალებს“ უნდოდათ, რომ სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარედ თავიანთი კაცი დანიშნონ, რათა მან უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის მოსვლამდე ყველა შესაძლო დანაშაულის კვალი წაშალოს! სხვათა შორის ამ რამდენიმე დღის წინ, ძალიან საეჭვოდ გაითიშა უზენაესი სასამართლოს სერვერი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სპეციალურად გააკეთეს, რათა წაეშალათ ყველა ინფორმაცია, რომლის მოხვედრაც უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ხელში „ნაციონალებს“ არანაირად არ აწყობთ. ვაფრთხილებ მურისიძესა და „ნაციონალებს“, არ გაბედოთ ამის გაკეთება, თორემ პროტესტის სერიოზულ ტალღას მიიღებთ“, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები