დაშავებული ქართველი სამხედროები პარაოლიმპიადაში მონაწილეობისთვის აშშ-ში გაემგზავრნენ

   გამთენიისას დაშავებული ქართველი სამხედროები მსოფლიო პარაოლიმპიადაში მონაწილეობისთვის აშშ-ში გაემგზავრნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედროები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, მისმა მოადგილემ პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ და აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა რიჩარდ ბრეიდიმ გააცილეს და წარმატებები უსურვეს.
ვახტანგ კაპანაძემ იმედი გამოთქვა, რომ სამხედროები სამშობლოში გამარჯვებულები დაბრუნდებიან
„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სამხედროები გამარჯვებულები დაბრუნდებიან და მედლებსაც ჩამოიტანენ. თუმცა, ისინი უკვე გამარჯვებულები არიან, რათა მათ გადალახეს ყველა ის სირთულე, რაც მათ წინაშე იყო. რაც მთავარია, ისინი ფეხზე დგანან და სხვებს ძალიან კარგ მაგალითს აძლევენ“ – განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაჭრილი სამხედროები პარაოლიმპიადისთვის ორი კვირის მანძილზე ინტენსიურად ვარჯიშობდნენ. მომზადება მათ სპორტის სამ სახეობაში – ცურვაში, პნევმატური იარაღიდან და მშვილდისრიდან სროლაში გაიარეს. პარაოლიმპიადაში მონაწილეობისთვის დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს შორის შიდა შესარჩევი ტურნირი ჩატარდა, სადაც ჩემპიონატისთვის 13 საუკეთესო კანდიდატი შეირჩა.
მსოფლიო პარაჩემპიონატი აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში 3-13 მარტს გაიმართება. მასში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა კონფლიქტში დაშავებული ჯარისკაცები მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები