“ავტოსადგურებიდან მიკროავტობუსები ისე გადიან, რომ ტრანსპორტისა და მძღოლების შემოწმება არ ხდება”

“ავტოსადგურებიდან მიკროავტობუსები ისე გადიან, რომ ტრანსპორტისა და მძღოლების შემოწმება არ ხდება”
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი“ დავით მესხიშვილი აგარა-გომის მონაკვეთზე გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გამოეხმაურა.
როგორც მესხიშვილმა „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა ავტოსადგურებიდან მიკროავტობუსები ისე გადიან, რომ არც ტრანსპორტის და არც მძღოლების შემოწმება არ ხდება.

„ამჟამად მხოლოდ სამგზავრო ავტობუსებზე და მიკროავტობუსებზე ვსაუბრობთ. მათი სადგურიდან გასვლა უსაფრთხოების წესების სრული დარღვევით ხდება. ერთის მხრივ, რეისზე გასვლის წინ მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება არ ხდება. მეორეს მხრივ, დღეს საქართველოში მგზავრების აბსოლუტური უმრავლესობა სამგზავრო ტრანსპორტად გადაკეთებული სატვირთო მიკროავტბუსებით გადაადგილდება, სადაც კუსტარულად არის დამონტაჟებული არა სავარძლები, არამედ სკამები. დამატებით ჩადგმულია ე.წ. ტაბურეტკები“, – განაცხადა მესხიშვილმა.

მესხიშვილის განმარტებით, ამ ყველაფერში მონაწილე მეორე რგოლი ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოა, რომელსაც სატრანსპორტო სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება და იმ სადგურების კონტროლი ევალება, საიდანაც სატრანსპორტო საშუალებების გაშვება ხდება.
მესხიშვილის განცხადებით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ვალედბულია კონტროლი დააწესოს ავტოსადგურებზე, სადაც უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა უნდა ხდებოდეს.
„მაგრამ სააგენტო ერთის მხრივ იჩენს გულგრილობას, ხოლო მეორეს მხრივ არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ჩვენ გვაქვს ასევე ინფორმაციაც, რომ ტექნიკური დათვალიერება სადგურებზე არ ხდება და ეჭვი გვაქვს, რომ შესაძლოა, გარიგებები ხდებოდეს უშუალოდ სადგურზე, ვინაიდან არც ერთი უსაფრთხოების სტანდარტი არც სადგურზე, არც მიკროავტობუსში, არც ავტობუსში გადაადგილებისას დაცული არ არის. ამიტომ მოვითხოვთ, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ განმარტებები გააკეთოს მომხდართან დაკავშირებით. ამავე დროს ყველა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც დაკავშირებული იქნება მგზავრების გადაყვანასთან, სამართალდამცავი ორგანოების მიერ შესწავლილი უნდა იყოს არა მხოლოდ მძღოლის ბრალეულობის მხრივ, არამედ ყველა რგოლის, მათ შორის სადგურის და სახმელეთო სააგენტოს ტრანსპორტის თანამშრომლების მხრივაც, რომელთაც ავტოსადგურებზე კონტროლის დაწესება ევალებათ“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს აგარა-გომის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მცირეწლოვანის და მათი დედის სიცოცხლე ემსხვერპლა. თბილისიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა. გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები