დავით ნარმანიას არ აქვს ინფორმაცია, რის საფუძველზე ამოწმებს აუდიტის სამსახური მერიას

არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფუძველი აქვს აუდიტის სამსახურის მიერ თბილისის მერიის შემოწმებას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, მან შიდა აუდიტის სამსახურს რამდენიმე სამსახურის დოკუმენტაციის შემოწმება უკვე დაავალა.
“არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფუძველი აქვს აუდიტის სამსახურის მიერ თბილისის მერიის შემოწმებას. თუ ეს იქნება გეგმური შემოწმება, რაც აუდიტის სამსახურის წესებით არის გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში აუდიტი უნდა ჩატარდეს. თუმცა, ამის გარეშეც მე დიდი სამსახურების შემოწმება უკვე დავავალე ჩვენი შიდა აუდიტის სამსახურს, რათა შეამოწმონ ყველა დოკუმენტაცია, ნახონ დავალებების შესრულების მიმდინარეობა და, საერთოდ, რამდენად გამართულად ფუნქციონირებენ ეს სამსახურები, რათა შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებაში დამეხმაროს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
18 თებერვალს, დავით ნარმანიამ შიდა აუდიტის სამსახურს თბილისის მერიის სამი სამსახურის – ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურების შემოწმება დაავალა. ამასთან, გუშინ, პარლამენტში გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ თბილისის მერიის შემოწმება საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესით არის გამოწვეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები