სოსანაშვილის ადვოკატი პროკურატურას კომპიუტერული ექსპერტიზის ჩატარებას სთხოვს
ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი სოსანაშვილის ადვოკატი, სოსო ჯოგლიძე პროკურატურას კომპიუტერული ექსპერტიზის ჩატარებას სთხოვს. ჯოგლიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს იური ვაზაგაშვილის პიროვნებას მონაცემთა ბაზაში სწავლობდა, რის შესახებაც მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ განაცხადა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იძახის, რომ მას არ ჰქონია არანაირი კავშირი აღნიშნულ ფაქტთან, არ შევსულვარ მონაცემთა ბაზაში და არ გამომიკვლევია იური ვაზაგაშვილის პიროვნება. ამას პროკურატურა აყენებს ეჭვქვეშ და ამიტომ ეს პროკურატურის პრეროგატივაა. რასაც ჩვენ ვაყენებთ ეჭვქვეშ, იმას გავასაჩივრებთ. ეს არის დნმ-ის კვალის დასკვნა“, – აცხადებს სოსანაშვილის ადვოკატი.
სოსანაშვილის ინტერესების დამცველი დნმ-ის ანალიზის შედეგებს უახლოეს მომავალში გაასაჩივრებს. ჯოგლიძის მტკიცებით, სოსანაშვილს დნმ-ის ორი ანალიზი გაუკეთდა – დაკავებამდე და დაკავების შემდეგ. იური ვაზაგაშვილის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის თქმით კი, გამოძიებას აქვს საკმარისი ინფორმაცია და მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს დაკავებული პირის ბრალეულობას.