„აფხაზური დელეგაციის თურქეთში ვიზიტი არ არის ის საფრთხე, რის გამოც მე უნდა ვინერვიულო“

თურქეთი სანდო სახელმწიფოა და საქართველოს ინტერესების საზიანო ნაბიჯებს არ გადადგამს – ამის შესახებ სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
“არანაირი ოფიციალური მიღებები იქ არ ხდება. თურქეთი არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და არასდროს გადადგამს საქართველოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს. როგორ გგონიათ, ის რაიმეს აფხაზებისთვის სასარგებლოდ გააკეთებს და საქართველოსთან დაპირისპირება ექნება? ეს გამორიცხულია. ბაღაფში იყო სააკაშვილის დროს ჩასული თურქეთში, მაგრამ ამით არაფერი მომხდარა. თურქეთი არის ძალიან სანდო სახელმწიფო და არასდროს გადალახავს ზღვარს. მან კარგად იცის, სად არის კერძო პირი და სად – ოფიციალური სიტუაცია. ამ ხალხის ჩასვლა იქ ყოველთვის ხდება, როგორც კერძო პირების. თქვენი ნებაა, თუ გნებავთ, დაუჯერეთ აფხაზური მხარის, აფხაზების პროპაგანდას, მე არ გიკრძალავთ, მაგრამ ეს არ არის ის საფრთხე, რის გამოც, მაგალითად, მე უნდა ვინერვიულო. თქვენ გაქვთ უფლება, ინერვიულოთ, ღმერთმა შეგარგოთ”, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიაჩესლავ ჩირიკბა თურქეთში იმყოფებოდა, სადაც ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები