საქართველოს პროკურატურამ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით მეორედ მიმართა

საქართველოს პროკურატურამ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით მეორედ მიმართა, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. შოთაძის თქმით, როგორც ჩანს, უკრაინის პროკურატურა არ აპირებს საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობას. როგორც პროკურორის მოადგილემ აღნიშნა, ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირებაზე უკრაინის პროკურატურამ ოფიციალური უარი თქვა.
შოთაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, თუ რა პასუხს მიიღებს ქართული მხარე უკრაინისგან, საგამოძიებო უწყება გააგრძელებს მუშაობას ამ საკითხთან დაკავშირებით.
“ჩვენ მივმართეთ უკრაინის პროკურატურას ამ ორი ძებნილი ბრალდებულის ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით, თუმცა ადეიშვილთან დაკავშირებით მივიღეთ უარი, მაგრამ განმეორებით მოთხოვნა გაიგზავნა. რაც შეეხება სააკაშვილს, პასუხი დღეს არ მიგვიღია, მიუხედავად იმისა, რომ პირველი შუამდგომლობის გაგზავნიდან ძალიან დიდი დროა გასული და ისევ მოხდა განმეორებითი მოთხოვნის გაგზავნა.
როგორც ჩანს, უკრაინის პროკურატურა არ აპირებს და არ თანამშრომლობს ექსტრადირებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურასთან. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მუშაობს უკრაინის პროკურატურაში, ეს მარტივია და თქვენთვისაც გასაგები, რატომ არ თანამშრომლობს და, სავარაუდოდ, რატომ არ ითანამშრომლებს უკრაინის პროკურატურა ჩვენთან ამ ეტაპზე. ფაქტი ერთია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, უკრაინა ვალდებულია, ძებნილი ბრალდებულების ექსტრადირების პროცესი დაიწყოს “, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები