უკრაინაში ქართულ დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი უხელმძღვანელებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით საგანელიძის განცხადებით, კიევში მაიდნის წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიალში, რომელიც უკრაინის ხელისუფლების ორგანიზებით იმართება, საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს.
“ბატონი პრეზიდენტი უკრაინაში ერთი დღით მიემგზავრება, სადაც ის მონაწილეობას მიიღებს იმ ღონისძიებაში, რომელსაც გეგმავს უკრაინის ხელისუფლება”, – ამბობს დავით საგანელიძე.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ოფიციალური მიწვევა უკვე მიიღო. თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოფიციალური განცხადება მის წასვლასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. რაც შეეხება საპარლამენტო დელეგაციას, საგანელიძე ამბობს, რომ “ბატონ პრეზიდენტთან ერთად უმრავლესობიდან აუცილებლად იქნებიან წარმომადგენლები, და თუ ვინ, ამაზე ალბათ ხვალ-ზეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.” ცნობისთვის, მაიდნის წლისთავი კიევში ხვალ, 20 თებერვალს აღინიშნება.