ჭიათურის დეპუტატი: სწირავთ ჭიათურის მოსახლეობას მანგანუმის მოპოვებას? – აგვიხსნას ვინმემ რა ხდება ჩვენს თავს
ჭიათურის დეპუტატმა მალხაზ წერეთელმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ჭიათურის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, ჭიათურის ტერიტორია თავისუფლად შეიძლება გამოცხადდეს ეკოლოგიური კატასტროფის ზონად.
მისივე თქმით, მიმდინარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ანექსია მანგანუმის მომპოვებლების მიერ. როგორც დეპუტატი აცხადებს, საბადოზე მოქმედ კომპანიებს აქვთ სრული განცდა იმისა, რომ ისინი ხელშეუხებელნი არიან და ეს ხდება მოსახლეობის თვალწინ, მათი უფლებების იგნორირებით. “მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ იმ უმძიმესი მდგომარეობის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ჭიათურის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მოპოვებასთან, კერძოდ, ღია კარიერული წესით მადნის მოპოვების მასშტაბების გაზრდასთან. ამის გამო კვლავ იჩეხება ტყეები, ნადგურდება სასოფლო-სამეურნეო მიწა და საძოვრები, ნადგურდება ინფრასტრუქტურა. მილიონობით ტონა საწარმოო ნარჩენი და ფუჭი ქანი ქაოსურადაა განლაგებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
მანგანუმითაა დაბინძურებული სასმელი წყალი, მდინარე ყვირილა. მუნიციპალიტეტში გაზრდილია ავადობის რაოდენობა. კვლავ უმძიმეს ვითარებაში უწევთ მუშაობა კომპანიაში დასაქმებულ მოსამსახურეებს. შემიძლია ვთქვა, რომ მიმდინარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ანექსია მანგანუმის მომპოვებლების მიერ ერთჯერადი მოხმარების მიზნით კანონმდებლობის სრული იგნორირებით. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საბადოზე მოქმედ კომპანიებს აქვთ სრული განცდა იმისა, რომ ისინი ხელშეუხებელნი არიან და ეს ხდება მოსახლეობის თვალწინ, მათი უფლებების იგნორირებით.
ჭიათურის ტერიტორია დღესვე შეგვიძლია გამოვაცხადოთ ეკოლოგიური კატასტროფის, ეკოლოგიური უბედურების ზონად. მივმართავ საქართველოს მთავრობას, მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარება სასწრაფოდ საჭიროებს შეფასებას. ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა, რომელიც ითხოვს პასუხს და უპირველესი კითხვაა – სწირავთ ჭიათურის მუნიციპალიტეტს და იქ მცხოვრებ მოსახლეობას მანგანუმის მოპოვებას? თუ არა – აგვიხსნას ვინმემ, რა ხდება ჩვენს თავს”, – აღნიშნა ჭიათურის დეპუტატმა.