დავით უსუფაშვილი: უხერხული სიტუაცია არ უნდა გვქონდეს…

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, დროულად მოხდეს ოთხშაბათის სხდომაზე განცხადებების გაკეთების წესთან დაკავშირებით შეთანხმება.
უსუფაშვილი დეპუტატებს დაჰპირდა, თუკი განცხადებებით გამოსვლებისთვის მათთვის ნახევარი საათი საკმარისი არ იქნება, რეგლამენტით მინიჭებულ უფლებას გამოიყენებს და განცხადებებისთვის დროს ერთ საათამდე გაარძელებს, რათა სათქმელის თქმის საშუალება ყველას მაქსიმალურად მიეცეს. “განცხადებების გაკეთების წესზე იყო შეთანხმება, შემდეგ შეთანხმების თაობაზე – შეთანხება, შეთანხმებაში ცვლილება და ასე შემდეგ. აღნიშნულ საკითხზე აუცილებელია, რაც შეიძლება მალე სიცხადის შეტანა – ან რეგლამენტის დებულების დაზუსტება იმისთვის, რომ არ გვქონდეს უხერხული სიტუაციები, თუ ვინ მიასწრებს სამდივნოს ჩასაწერად და იმისთვის, რომ გარკვეული სამართლიანობა იყოს დაცული პარლამენტის წევრთა გამოსვლების ნაწილში. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ აუცილებლად უნდა შევჯერდეთ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ოთხშაბათის პლენარულ სხდომაზე განცხადებების გაკეთების წესსა და რიგითობაზე კვლავ ვერ თანხმდება. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი სხდომის გახსნას მას შემდეგ აპირებს, რაც კოლეგები ჩამოყალიბდებიან, რა წესითა და რიგითობით გაკეთდება 4-წუთიანი განცხადებები ოთხშაბათის პლენარული სხდომის გახსნისას. რეგლამენტის მიხედვით, განცხადებების გაკეთება ჩაწერილთა რიგითობით უნდა მოხდეს, თუმცა თავის დროზე, უმრავლესობა და უმცირესობა რეგლამენტისგან განსხვავებულ წესზე შეთანხმდა – განცხადებები პლენარულ სხდომაზე უმცირესობის ორი და უმრავლესობის ერთი წარმომადგენლის რიგითობით კეთდებოდა. მას შემდეგ კი, რაც “თავისუფალი დემოკრატები” უმრავლესობიდან გავიდნენ, დღის წესრიგში შიდა შეთანხმების გადახედვის საკითხი დადგა. ამასთან, განცხადებების ფორმატში სიტყვით გამოსვლებს ითხოვენ პარლამენტის ე.წ. დამოუკიდებელი წევრებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები