შრომის ნორმების შესრულების ზედამხედველობის მიზნით, ახალი უწყება შეიქმნება
შრომის ნორმების შესრულების ზედამხედველობის მიზნით, შრომის ინსპექცია შეიქმნება.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ოპტიმალური მოდელის შემუშავებისათვის რამდენიმე თვე დაიხარჯა და კომპლექსური სამსახური არა მხოლოდ უსაფრთხოებას, არამედ ხელშეკრულების დარღვევის, შრომითი ექსპლუატაციის მიმართულების კონტროლითაც იმუშავებს.
დავით სერგეენკოს განცხადებით, წარმოდგენილი ფორმატი შეთანხმებული და გააზრებული იქნება სამმხრივი კომისიის ფარგლებში, მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემთხვევაში კი შეიქმნება სიპი, იურიდიული ერთეული, რომლის თანამშრომლებსაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები მოამზადებენ, პროექტი კი ნაბიჯ-ნაბიჯ წლის განმავლობაში ამუშავდება.
ამასთან, როგორც სამინისტროში განმარტავენ, შრომის ინსპექციას შეუძლია ყველა ამ პრობლემის პრევენცია და ამ გზით ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის, საწარმოო ტრავმების შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირებისა და პრევენციის, შრომის პროდუქტიულობის ზრდის, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, შექმნას მექანიზმი შრომის ნორმების შესრულების საზედამხედველო ორგანოს – შრომის ინსპექციის სახით. შრომის პირობების პოლიტიკის ჩამოყალიბებაში უნდა მონაწილეობდეს სამი სუბიექტი: სახელმწიფო ,პროფკავშირები და დამსაქმებელი.
პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა კი კმაყოფილება გამოხატა და სამინისტროს მადლობა გადაუხადა პროფკავშირების პოზიციის გათვალისწინებისთვის.
“საზოგადოებას შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი ჰქონდა. ეს ცვლილებები უკვე შევიდა, მაგრამ ადამიანები, მათ შორის თქვენ, ჟურნალისტები ვერ სარგებლობთ ცვლილებებით. სწორედ შრომის ინსპექციაა საჭირო, რომ, ერთი მხრივ, ცვლილებების იმპლემენტაცია მოხდეს, ანუ თქვენ კანონით ისარგებლოთ და, მეორე მხრივ, ის კატასტროფა, რაც ხდება შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, დაცული იყოს, რომ საქართველოში ნორმატივები და სტანდარტები არსებობდეს”, – აღნიშნა ირაკლი პეტრიაშვილმა.
შრომის პირობების ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა დღეს გაიმართა.