სახალხო დამცველი არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის სავარაუდო შემთხვევას სწავლობს

სახალხო დამცველის აპარატმა კახეთის რეგიონში 12 წლის არასრულწლოვანი გოგონას მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედების განხორციელების სავარაუდო შემთხვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესწავლა დაიწყო.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, განახორციელონ დროული და ეფექტური ღონისძიებები ეროვნული და საერთაშორისო ნორმებით განმტკიცებული ბავშვთა დაცვის პოზიტიური ვალდებულების განუხრელი შესრულებისათვის.
„მხედველობაში იქნას მიღებული გაეროს ბავშვის უფლებების და ევროპის საბჭოს „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებები, მოხდეს სავარუდო დანაშაულის ყოველმხრივი და დროული გამოძიება და გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები 12 წლის გოგონას უფლებების დასაცავად.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გონივრულ ვადაში წარმართონ გამოძიება და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა თავიდან იქნეს აცილებული გამოძიების გაჭიანურება და დადგინდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება. ამავდროულად, საქმისწარმოების ყოველ ეტაპზე დაცული იქნას ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დროულად განახორციელოს ბავშვთა ძალადობისგან დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. შესაძლო ძალადობის შესწავლის პროცესში ჩაერთოს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. ასევე შესწავლილი იქნას მშობლის მოვალეობის შესრულების საკითხი და განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები შესაძლო დანაშაულის შეუტყობინებლობის საკითხის შესწავლისათვის.
საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე შესაძლოა იკვეთებოდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისთვის ცნობილი იყო 12 წლის ბავშვის მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო ქმედების შესახებ. აღნიშნულის მიუხედავად, მან არ განახორციელა რეფერირების შესაბამისი პროცედურით გათვალისწინებული სავალდებულო ქმედებები, მათ შორის, საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე ძალადობის იდენტიფიკაცია და შემთხვევის შემდგომი მართვა განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.
სამწუხაროდ, სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციისა და მოწოდების მიუხედავად არაეფექტურად ხორციელდება „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 31 მაისის ბრძანების მოთხოვნები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს შორის ბავშვთა უფლებადარღვევის ფაქტებზე ურთიერთთანამშრომლობას მრავალი ხარვეზი გააჩნია“, – აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს კონკრეტული საქმის შესწავლას და განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს საქმეზე ობიექტური ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, საქმეში მონაწილე შესაძლო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები