დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება
გლდანისა და ნაძალადევის რაიონების ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეუწყდებათ. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, კომპანია დღეს დილიდან, გლდანის რაიონში, ახლად რეაბილიტირებულ 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენს წყალმომარაგების ერთიან სისტემასთან მიაერთებს. მაგისტრალის ახალი, 700 მეტრიანი მონაკვეთის მისაერთებლად, კომპანია სამუშაოებს უწერისა და ბარისახოს ქუჩების კვეთაზე, 18 თებერვლის 10:00 საათიდან შეუდგება. მათივე განმარტებით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.
ახალი ქსელის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების სამუშაოების განსახორციელებლად, 18 თებერვლის 10:00 საათიდან, 19 თებერვლის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გლდანის “ა”, I, II, III, IV და თემქის IV მ/რაიონებს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონების ქუჩების ნაწილს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.
მათივე ინფორმაციით, წყალმომარაგება აღდგება 19 თებერვლის 10:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას მოქალაქეები შეძლებენ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე და ვებგვერდზე – http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli/1685-tbilisis-zogiert-quchas-tskhalmomarageba-sheezghudeba ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის „ცხელ ხაზს“: 2 93 11 11.