თბილისის საკრებულომ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება დაამტკიცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა 18 საკითხი განიხილეს.
საკრებულოს ინფორმაციით, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება ერთხმად დაამტკიცეს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების საკითხებზე ერთიანი საქალაქო პოლიტიკის შემუშავებას, კოორდინაციასა და შშმ პირთა უფლებების დაცვას გულისხმობს.
როგორც მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, საბჭოს ძირითადი მიზანია განიხილოს შშმ პირებისთვის თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი პირობების საკითხები.
დღესვე დეპუტატებმა თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ წარმოდგენილ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში მრავალფუნქციური, შერეული და საცხოვრებელი კომპლექსების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებებს მოიცავდა.
საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ კი დეპუტატებს მისივე კომისიის მიერ თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის გამგეობის შემოწმება – ანალიზის შედეგები დასკვნის სახით წარმოუდგინა და დეტალურად ისაუბრა იმ დარღვევებზე, რომლებიც მისი თქმით აღნიშნულ გამგეობაში გამოიკვეთა.
სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და რეაგირებას. საკრებულოს უმრავლესობამ კომისიის დასკვნის შესაბამის ორგანოებში გადაგზავნას თანხმობა მისცა.
დღესვე ცვლილება შევიდა სარევიზიო კომისიის დებულებაში. როგორც ნუგზარ მალაღურაძემ განმარტა, წარმოდგენილი ცვლილებები უფრო ნათლად აყალიბებს კომისიის სამუშაო გეგმასა და პირობებს, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს უფრო ეფექტური გახდეს სარევიზიო კომისიის მუშაობა.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომას მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები