ფოთის საზღვაო ნავსადგურში პიროლიზური ფისი ჩაიღვარა
ფოთის საზღვაო ნავსადგურის მეორე ნავმისადგომზე, მალტის დროშის ქვეშ მცურავ გემზე სარკინიგზო ვაგონ-ცისტერნიდან პიროლიზური ფისის გადატვირთვის პროცესში ნივთიერების ავარიული დაღვრა მოხდა – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ავრცელებს.
როგორც „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს, ადგილი, სადაც ნივთიერების დაღვრა მოხდა, დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა და ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
“პიროლიზებული ფისი აქროლად ნივთიერებებს შეიცავს, რამაც ქალაქის ტერიტორიაზე სუნის გავრცელება გამოიწვია. პიროლიზური ფისი სპეციალურ სადრენაჟე ნაგებობაში ჩაიღვარა. ამ ეტაპზე ნავსადგურის ადმინისტრაციის მიერ, დაბინძურების ლოკალიზაციისა და სალიკვიდაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. არხებიდან ნივთიერების ჩატუმბვა ვაგონ-ცისტერნებში განხორციელდა უსაფრთხოების ნორმების დაცვით”, – ნათქვამია სამინისტროს განაცხადებაში.
ადგილზე მუშაობს საგანგებო შტაბი. ასევე, იმყოფებიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხდეველობის დეპარტამენტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები. განხორციელდა სინჯების აღება და გატარდება შესაბამისი რეაგირება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დადგენა.
“ფოთის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორია კონტროლზეა აყვანილი, რაც ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედებას გამორიცხავს”, – აღნიშნავენ უწყებაში.