საქართველოში მსოფლიოში ცნობილი ავსტრიული კომპანია შემოდის
საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალით მსოფლიოში ცნობილი ავსტრიული კომპანია „ვიტესაკი“ დაინტერესდა. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა პეტერ ვიტესაკმა ავსტრიულ გამოცემა WirtschaftsBlatt/Karnten-თან საუბრისას განაცხადა. ვიტესაკის ინტერვიუს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველო ჩვენი კომპანიისთვის აღმოსავლეთ ევროპაში შეიძლება ყველაზე იმედისმომცემი ბაზარი იყოს“, – აცხადებს კომპანია „ვიტასეკის“ ხელმძღვანელი პეტერ ვიტასეკი.
მისივე განმარტებით, სოფლის მეურნეობის იმ პერსპექტივებსა და პოტენციალს, რაც საქართველოს გააჩნია, განსაკუთრებით მეღვინეობასა და ენოლოგიაში, „ვიტასეკისთვის“ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან კომპანია მცენარეთა დაცვისთვის ქიმიურ ნივთიერებებზე უარს ამბობს და შხამ-ქიმიკატებს ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი პროდუქტით ანაცვლებს, რაც ხელს უწყობს უფრო ბუნებრივი, უხვი და ჯანსაღი პროდუქციის წარმოებას. მცენარეთა ეკოლოგიური დაცვა ასევე აჯანსაღებს ნიადაგს და გამორიცხავს სამომავლოდ მისი ნაყოფიერების ხარისხის გაფუჭებას.
საგარეო უწყების ცნობით, „ვიტესაკი“ მცენარეთა დაცვის პროფილით მომუშავე კომპანიებს შორის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია. იგი მთელს ევროპას ფარავს. კომპანიის საქმიანობის არეალი გადაშლილია პორტუგალიიდან საქართველომდე და ბალტიისპირეთიდან თურქეთამდე.