ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების შემოწმებას იწყებს
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის მონიტორინგს იწყებს, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ კლინიკების დირექტორებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მინისტრის მოადგილე საავადმყოფოების ხელმძღვანელს დაწესებულებების ეზოში არსებული მდგომარეობისა და ეზოებში არსებული ანტისანიტარიის აღმოფხვრის შესახებ ესაუბრება.
როგორც ვალერი კვარაცხელიამ შეხვედრაზე აღნიშნა, სერიოზული პრობლემა იკვეთება, რომ ერთ ეზოში რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაა განთავსებული და არავინ ზრუნავს ეზოების მოწესრიგებაზე, სანიტარული ნორმების დაცვაზე. მისივე თქმით, ფაქტობრივად არ ხდება ინფექციური კონტროლი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრომ გარკვეული სამუშაოები გასწია და მოამზადა კითხვარი.
დღეიდან კი, კლინიკების ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის მონიტორინგი დაიწყება.
“ჩვენ არ ვიწყებთ შემოწმებას იმისათვის, რომ ამ წუთას ვიღაც დავაჯარიმოთ, დავსაჯოთ, რაღაც უბედურება გავაკეთოთ. ჩვენ ვიწყებთ მონიტორინგს. ხარვეზის გამოსასწორებლად იქნება მაქსიმუმ ერთთვიანი ვადა. ვფიქრობ, ეს გონივრული ვადაა და ერთი თვე საკმარისია კლინიკების ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის წესრიგში მოსაყვანად. ამის შემდეგ დადგენილებაში შედის ცვლილება, და ამ დადგენილების საფუძველზე რეგულირების სააგენტოს საშუალება ექნება ,შემოწმოს და გაატაროს ის ღონისძიებები, რომელსაც ისინი ხავეზების აღმოჩენისას ატარებენ”, – განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.
მონიტორინგისა და რეგულაციების შესახებ დამატებით დეტალები შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.