თბილისის მერია ინვესტორებს იწვევს

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობა/მართვის უზრუნველსაყოფად ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. მერიის ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვა ინვესტორთა მოწვევასა და მათი წინადადებების მიღებას გულისხმობს.
წინადადებების მიღება 2015 წლის მარტიდან იქნება შესაძლებელი. ინტერესთა გამოხატვის მიზანია, მოიზიდოს ინვესტორი დედაქალაქში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობა/მართვის უზრუნველსაყოფად.
ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ როგორც ქართულ, ისე უცხოურ იურიდიულ პირს ან იურიდიულ პირთა გაერთიანებას, რომლებიც განსაზღვრულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.
ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით შექმნილი კომისია გამოავლენს.
ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა 2015 წლიდან საქართველოში ამოქმედებულ ,,ნარჩენების მართვის კოდექსს“ უკავშირდება.
კოდექსის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების დანერგვისათვის, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას და ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას, ნარჩენებიდან ენერგიის მიღებას, ასევე, ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას.
აღნიშნული ინფორმაცია დღეს მედიის წარმომადგენლებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები