„26 მაისს ხელისუფლების გადამეტებული ძალის გამოყენება დადასტურებულია“

  2011 წლის 26 მაისის მანიფესტაციის დაშლის ფაქტზე, მაღალი სტანდარტით დადასტურებულია ხელისუფლების გადამეტებული ძალის გამოყენება და საქართველოს შს ყოფილი მინისტრის უკანონო ბრძანების გაცემის ფაქტი, რამაც მოქალაქეთა უფლებების დარღვევა გამოიწვია, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ახალგაზრდა ადვოკატები” 2011 წლის 26 მაისის საქმეზე გამოყოფენ ორ მნიშვნელოვან სამართლებრივ სიკეთეს:
1. რუსთაველის გამზირზე მიტინგის ვადის გასვლის შემდეგ, მომიტინგეთა მასობრივ დაკავებას და ამ მიზნით, რუსთაველის გამზირიდან გასასვლელი ქუჩების წინასწარ ჩაკეტვას; ასევე, ძალის გამოყენების გაფრთხილების შემდეგ, მომიტინგეთათვის საჭირო დროის მიცემის გარეშე, მიტინგის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მონაწილეთა დაშლის თაობაზე ბრძანება იყო უკანონო.
2. რუსთაველის გამზირზე მიტინგის ვადის გასვლის მიუხედავად, არ არსებობდა ობიექტური საჭიროება მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენებულიყო სხვადასხვა სპეციალური საშუალება: წყალსატყორცნი, ცრემლსადენი გაზი, ფსიქოლოგიური ზემოქმედების სპეციალური აკუსტიკური მოწყობილობა, რეზინის ტყვიები და ხელკეტები. ამასთან, შეკრების ადგილიდან გასასვლელი ქუჩების ჩაკეტვის გამო, მომიტინგეებს შეგნებულად არ მიეცათ ტერიტორიის დატოვების საშუალება.
„ახალგაზრდა ადვოკატები” უფლებადაცვით ორგანიზაციებს, სამართლის სპეციალისტებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს მოუწოდებენ, 2011 წლის 26 მაისის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება გახდეს სამართლებრივი დისკუსიის საფუძველი, რათა შექმნას პრაქტიკული გამოცდილება მსგავსი შემთხვევების მიმართ სწორი სამართლებრივი დასკვნებისა და შეფასებების გამოთქმის პროცესში, კვლავინდებურად არ მოხდეს მრავალგვარი ინტერპრეტაცია და საზოგადოებაში მცდარი მოლოდინების წარმომქმნელი.
„მნიშვნელოვანია, სამოქალაქო სექტორი პრაქტიკულ დოკუმენტად აღიქვამდეს სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამართლებრივი რეალობის სუბიექტური მხარე და მოხდეს სასამართლო პრაქტიკის იმპლემენტაცია საკანონმდებლო დონეზე, დაიწყოს ფართო დისკუსია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების მეტი სამართლებრივი გარანტიების შექმნისთვის”, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები