“მანქანაში ხმამაღლა ჩართული მუსიკა დასჯადი ხდება“

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თედო კობახიძის განცხადებით, კანონდარღვევად ჩაითვლება ყველა ტიპის ხმაური, რომელიც არა ერთჯერადი, არამედ განგრძობითი ხასიათის იქნება.
კობახიძის განცხადებითვე, ხმაური სამუშაო პერიოდში, დილის 7 საათიდან საღამოს 11 საათამდე, 40 დეციბელს, ხოლო ღამის 11 საათიდან დილის 7 საათამდე, 30 დეციბელს არ უნდა გადასცილდეს.
როგორც “კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას კობახიძე აღნიშნავს, თბილისის საკრებულოში ამ საკითხზე მუშაობა სრულდება.
„თუ ვიღაცამ ხმამაღალი მუსიკა 1 წუთით ჩართო და ამით მისი ქმედება ამოიწურა, ეს სამართალდარღვევად მიჩნეული არ იქნება. ხმაური შესაძლოა პატრულმა ან მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გააკონტროლოს. შესაძლებელია „112“-თან გაფორმდეს ხელშეკრულება და ამ სამსახურმა შესაბამის ორგანოებში გადაამისამართოს დაზარალებული“, – განაცხადა თედო კობახიძემ.
საკრებულოს წევრის განცხადებითვე, შესაძლოა, კანონდარღვევად მანქანაში ჩართული ხმამაღალი მუსიკაც ჩაითვალოს.
„თუ კონკრეტული მანქანა რომელიმე ეზოში, ან უბანში მუდმივად შედის და ხმამაღალ დონეზე აქვს მუსიკა ჩართული, ეს კანონდარღვევად ჩაითვლება“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, ხმაურის პირველ გამოვლენაზე გაფრთხილება იქნება, ხოლო შემდეგი  500-დან 1000 ლარამდე ჯარიმები უნდა იყოს. თუ შემთხვევა ჯარიმის შემდეგაც გამეორდა, მდგომარეობა დამძიმდება და შესაძლოა, ადმინისტრაციული წესით თავისუფლების აღკვეთაც მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები