„დემოკრატიული მოძრაობა“ მერიის ეკოლოგიისა და გაწვანების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გაწვანების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. საკრებულოს ცნობით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმიში წარიმართა, სადაც ფრაქციის წევრებმა დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ისაუბრეს და მერიის წარმომადგენელთა პასუხები მოისმინეს. ფრაქციის მიერ დასმული შეკითხვები 2014 წლის ოქტომბერში შპს „მწვანე სახლთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხებოდა.
ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის ზაზა ვეკუას განცხადებით, თბილისის მერიამ 400 ათასამდე ყვავილის ჩითილში წინა წლებთან შედარებით მაღალი ფასი გადაიხადა.
„მინდა ვთქვა, რომ საუბარი ყვავილების ჩითილების საცალო შეძენას ეხება. კერძოდ, თუ კონკრეტული მცენარე, რომლის შეძენაც დედაქალაქს 0.70 ლარი დაუჯდა, ბათუმში იგივე მცენარის შეძენა 0.34-0.35 ლარი ჯდებოდა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სარევიზიო კომისიამ უნდა იმსჯელოს“, – აღნიშნა ვეკუამ.
როგორც მერიის ეკოლოგიისა და გაწვანების სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა აღნიშნა, ფასის სხვაობა გამოწვეული იყო განსხვავებული სატენდერო პირობებით, ვინაიდან წლევანდელი მოთხოვნა განსხვავებული ტექნიკური მახასიათებლების მქონე აბსოლუტურად განსხვავებულ პროდუქტზე იყო გაკეთებული. ხოლო კომპანიას, რომელმაც ვერ დააკმაყოფილა აღნიშული სატენდერო პირობები, ხელშეკრულება დეკემბრეში შეუწყდა.
„შპს „მწვანე სახლმა“, რომელთანაც ნოემბერში გაფორმდა ხელშეკრულება, ვერ შეასრულა სატენდერო პირობები, რის გამოც დაჯარიმდა, ხოლო მომდევნო დარღვევაზე, უკვე დეკემბრის თვეში, საერთოდ შეუწყდა ხელშეკრულება. შესაბამისად, ის ბრალდებები, რომლებიც დღეს მოვისმინეთ, უსაფუძვლოა. ჩვენ მზად ვართ ,წარმოვადგინოთ დოკუმენტალური ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები