კარდენახში მეშვიდე კლასის ორსული მოსწავლე სკოლაში დადიოდა
მე-7 კლასის მოსწავლემ, რომელიც უკვე 6 თვის ორსულია, კარდენახის საჯარო სკოლაში პირველი სემესტრის სასწავლო კურსი დახურა, – ამის შესახებ „კვირას“ სკოლის დირექტორმა მაია ღლეღვაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, 13 წლის მოზარდი მეორე სემესტრში სკოლაში აღარ გამოცხადებულა.
„ჩვენი სკოლის მოსწავლე შარშან ივნისში გათხოვდა, მაშინ 12 წლის იყო. გოგონა ჩვენივე სკოლის ყოფილ მოსწავლეს გაყვა ცოლად.
ბიჭმა სკოლა 2 წლის დაამთავრა. მე-7 კლასელი მოზარდი სკოლაში პირველ სემესტრში ჩვეულებრივად დადიოდა. საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, აუცილებლობას ითხოვს, რომ ყველას აქვს უფლება განათლება მიიღოს.
შესაბამისად, გოგონამ პირველი სემესტრი დაასრულა და მეორე სემესტრში სკოლაში არ დადის. მას ექსტერნად მოუწევს სასწავლო კურსის დახურვა“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას სკოლის დირექტორმა.
როგორც „კვირას“ მაია ღლეღვაშვილმა განუცხადა, მან მოზარდის ორსულობის შესახებ ინფორმაცია მე-7 კლასის დამრიგებლისგან, მეორე სემესტრში შეიტყო. მისი თქმით, მე-7 კლასელი გოგონას დაც ადრე გათხოვდა, თუმცა ის მაშინ მე-9 კლასელი იყო.
სკოლის დირექტორის ინფორმაციით, გოგონა ქართველია და, სასწავლო შეფასებით, საშუალო დონის მოსწავლე იყო.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „კვირა“ სოფელ კარდენახის ოჯახის ექიმსაც დაუკავშირდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის ოჯახის ექიმის ნინო ტურიაშვილის ინფორმაციით, გოგონა ამჟამად, 6 თვის ორსულია.
აღსანიშნავია, რომ მოზარდის ორსულობაზე ჯერ კიდევ გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალის” ექიმი – პედიატრი ლალი მირიანაშვილი დაეჭვდა.
“გოგონა დედამ მოიყვანა, მუცლის ტკივილით გამოწვეული დისკომფორტი ჰქონდა, ამ დროს მუცლის შებერვა ჩვეულებრივი მოვლენაა. ქირურგიც და გინეკოლოგიც ჩავაყენეთ საქმის კურსში.
შესაბამისი გამოკვლევების თანახმად, გოგონა ფეხმძიმედ აღმოჩნდა, პაციენტი ჯანმრთელადაა და ბინაზე იმყოფება“, – აცხადებს ლალი მირიანაშვილი.
მასალის მომზადებისას, „კვირა“ “ჯეო ჰოსპიტლის” მარკეტინგის მენეჯერს ნინო ანთიძესაც დაუკავშირდა.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია ნინო ანთიძემ „კვირასგან“ შეიტყო, თუმცა, მან ჩვენთან საუბრისას ფაქტი არ დაადასტურა.
„ჩვენ არ ვფლობთ მოზარდის შესახებ ორსულობის ფაქტს და, შესაბამისად, ვერ დაგიდასტურებთ“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას „ჯეო ჰოსპიტლის“ მარკეტინგის მენეჯერმა ნინო ანთიძემ.
იზა შაქარაშვილი