თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში NDI–ს კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამერიკის ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ პოლიტიკურ ფოკუსჯგუფებს შორის ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
კვლევის შედეგები საკრებულოს წარმომადგენლებს „NDI – საქართველოს“ დირექტორმა ლორა თორნტონმა წარმოუდგინა. მისი თქმით, კვლევა ოთხ ქალაქში – თბილისში, თელავში, ზუგდიდსა და ქუთაისში ჩატარდა სამ ფოკუსჯგუფში – „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და ის ადამიანები, რომლებიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერენ მხარს.
NDI-ს დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია ეროვნული მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარება უშუალოდ ადგილობრივი ხელისუფლების თემატიკაზე და თბილისის საკრებულოს ამ კუთხით თანამშრომლობა შესთავაზა.
საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა NDI–ს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა, ლორა თორნტონის შემოთავაზებას თბილისის საკრებულოს სახელით დაეთანხმა და, შესაბამისად, მოხდა შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობასთან დაკავშირებით.