გლდანში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო

გლდანის I მიკრორაიონში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო.

შენობის საძირკველში დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ და სამშენებლო კომპანია „მამკოს“ ხელმძღვანელმა კაფსულა ჩადეს.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წელს დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში 9 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, სადაც 4 ათასამდე აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას.

„ვასრულებთ ჩვენი და ჩვენი გუნდის წინასაარჩევნო დანაპირებს, რომლის ფარგლებშიც დღეს გლდანში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. ჯამში წელს ბაღების მართვის სააგენტოს 9 ახალი საბავშვო ბაღი უნდა ჩავაბაროთ, რაც 4 ათასამდე ახალ ადგილს შექმნის“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის თემურ თორდინავას თქმით, 400-მდე აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაგა-ბაღი ექსპლუატაციაში 2015 წლის ბოლოსთვის შევა. მისივე თქმით, მშენებლობაზე 40-მდე, საბავშვო ბაგა-ბაღში კი 70-მდე ადამიანი დასაქმდება.
2 300 კვ.მ მიწის ფართობზე 1 500 კვ.მ ორსართულიანი შენობა აშენდება, დანარჩენ ფართზე ბავშვებისათვის მოეწყობა ეზო და გამწვანდება ტერიტორია. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,მამკო’’ აწარმოებს. საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობაზე 1 580 000 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები