გიორგი მარგველაშვილი: საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას
საქართველოს პრეზიდენტი კოპენჰაგენში მომხდარ ტერორისტულ აქტს ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილი მომხდარი ფაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„გამოვთქვამთ უკიდურეს აღშფოთებას კოპენჰაგენში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო, რასაც უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა. ამ განსაცდელის ჟამს ჩვენ მტკიცე თანადგომას ვუცხადებთ დანიის სამეფოს ხელისუფლებას, დანიელ ხალხს და ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ ვართ თქვენს გვერდით, რათა დავიცვათ მშვიდობა და ჩვენი საერთო კეთილდღეობა.
საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და აგრძელებს ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთ-ერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ, რათა უზრუნველვყოთ საერთო მშვიდობა და უსაფრთხო მომავალი“, – ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.