თბილისის მერია სამუშაო შეხვედრას „თბილისი – გონიერი ქალაქი“ მართავს

თბილისის მერია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია “PricewaterhouseCoopers”-ის მხარდაჭერით სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” სამუშაო შეხვედრას „თბილისი – გონიერი ქალაქი“ მართავს.
სამუშაო შეხვედრა თბილისის ვიცე–მერმა ალექსანდრე მარგიშვილმა გახსნა. შეხვედრაში მონაწილეობენ თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, მერიის საქალაქო სამსახურებისა და მერიის დაქვემდებარებაში არსებული შპს-ების ხელმძღვანელები და PwC-ის საერთაშორისო ექსპერტები. თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მიზანია თბილისისათვის წარმატებულ, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, განვითარების კონცეფციების შემუშავება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა მუნიციპალური სერვისები, საქალაქო ინფრასტრუქტურა, ცხოვრების ხარისხი. შეხვედრის მთავარი თემაა სწრაფი ურბანიზაციის ფონზე, თანამედროვე ქალაქების წინაშე მდგარი გამოწვევები: ქალაქგეგმარების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მყარი ნარჩენების, ამორტიზებული საცხოვრებელი ფონდის და ა.შ. სწორი მართვისა და განვითარების პრობლემები.
„დღეს ვხვდებით PwC–ის ექსპერტებს ე.წ. ჭკვიანი ქალაქის კონცეფციაზე სასუბროდ. PwC-ის კონსულტანტები მერიის ხელმძღვანელობას აცნობენ მათ გამოცდილებას სხვადასხვა ქალაქში განხორციელებული პროექტების შესახებ. ეს პროექტები ემსახურებოდა ქალაქების ჭკვიან ქალაქებდ გარდაქმნას, რაც თავის თავში გულისხმობს ქალაქის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, არქიტექტურის, ენერგომოხმარების და ბევრი სხვა მიმართულების მდგრადობის უზრუნველყოფას, უაზრო დანაკარგების მინიმიზაციას ან მთლიანად აღმოფხვრას. გონიერი ქალაქი თავისთავში ასევე მოიაზრებს გზების განტვირთვას, ქალაქის როგორც საცხოვრებელად, ასევე ვიზიტისათვის მაქსიმალურად სასიამოვნო, მიმზიდველ სივრცედ გარდაქმნას, სადაც ხალხს ექნება საშუალება ღირსეულად იცხოვროს და დაისვენოს. ვფიქრობ, რომ ამ არამხოლოდ სასურველია გონიერი ქალაქის კონცეფციის გამოყენება, არამედ აუცილებელიც. ამ მიმართულებით მერის დავალებით რამდენიმე სამსახური მუშაობს მერიაში. ეს შეხვედრაც მიზნად ისახავს, რომ განვსაზღვროთ კონკრეტული ამოცანები, რასაც გვინდა მოვაღწიოთ გონიერი ქალაქის კონცეფციის ფარგლებში და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება თუ როგორ, რა ვადაში და ვისთან პარტნიორობით გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები“,–განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა.
სამუშაო შეხვედრა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „თბილისი – საერთაშორისო ქსელებსა და პროექტებში“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები