მე და ჩემს გუნდს გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი შემოსვლით მედიასივრცეში გარკვეული ცვლილებები მოხდეს“

მე და ჩემს გუნდს გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი შემოსვლით მედიასივრცეში გარკვეული ცვლილებები მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა. როგორც ექსპრემიერმა აღნიშნა, მას და მის გუნდს აქვს სურვილი შეიცვალოს დღის წესრიგი. ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, დღის წესრიგს დღეს “რუსთავი 2” ადგენს.
“დიახ, მე და ჩემს გუნდს გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი შემოსვლით მედიასივრცეში გარკვეული ცვლილებები მოხდეს – კარგი და არა ცუდი. ჩვენ გვინდა და მე პირადად მაქვს პრეტენზია, რომ შევცვალოთ დღის წესრიგი, რომელსაც დღეს “რუსთავი 2” ადგენს. ეს ტელეკომპანია “ნაციონალური მოძრაობის” აგიტმანქანაა და ხაზს ვუსვამ – ღმერთმა მოახმაროთ, არანაირი პრტენზია არა მაქვს. თავის დროზე “რეალ.ტვ” იყო ჩემი “სპარინგპარტნიორი” და მე კარგად ვაჩვენებდი საზოგადოებას რეალობას. დღეს “რუსთავი 2” გაფართოებულ “რეალ.ტვ”-ს წარმოადგენს და მას სიამოვნებით გავიხდიდი “სპარინგპრტნიორად” და რაც უფრო ღრმად და კარგად იფუნქციონირებენ, მით უფრო კარგად ვაჩვენებთ საზოგადოებას კონტრასტს , სიცრუეს სიმართლით დავაბალანსებთ, ერთ უკიდურესობას მეორე უკიდურესობით ვუპასუხებთ.
ვფიქრობ მოვახერხებთ, რომ შევცვლოთ დღის წესრიგი. კიდევ ვაკეთებ ამაზე აქცენტს, რომ სპეკულაციის საშუალება არ მივცე “ნაცმოძრაობას“, რომ თითქოს თავისუფალ მედიას ვავიწროებთ. თან ვინ გვეუბნება ამას, უკვე ანეკდოტური გახდა. მთელი მედია მონოპოლიზირებული ჰყავდათ,თავისუფალი სიტყვა ჩაკლული იყო. დღეს როდესაც საქართველოში მედია უპრეცედენტოდ თავისუფალია, ამტკიცებენ, თითქოს ვიღაცას მედიის დაჩაგვრა სურს. მათ შორის ექსპერტებიც.
რამდენიც უნდათ, იმდენი ილაპარაკონ. ღაი კარს ამტვრევენ, ვინ უშლით?! ერთადერთი როდესაც აქცენტს ვაკეთებ-მათი ნათქვამი შეიძლება არ იყოს სწორი, ემსახურებოდეს სიცრუეს. ამაზე რეაგირება გვექნება, ამბობენ, როგორ ბედავსო. მედიაზე იტყვი რამეს და საუბრობენ, რომ მედიაზე ზეწოლა მიდის. არადა, დღეს გვყავს მთავრობა, რომელსაც მედიასთან შეხება არა აქვს და ვისაც რა პირადპირი მნიშვნელობით უნდა, იმას აკეთებს. ეს ასეც უნდა იყოს, ამ ფონზე კი კეთდება აქცენტები, რომ მედიაზე ზეწოლა მიდის.
ექსპერტებთან პრეტენზია მაქვს და მექნება კიდეც იმაზე, რომ ექსპერტობას იბრალებენ და ელემენტარულ ანალიზსს ვერ აკეთებენ, რა თქმა უნდა, ცრუ აქცენტებს სვამენ, ამაზე მივუთითებ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები