დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს უერთდება

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი, მსოფლიო გლობალურ კამპანიას უერთდება და სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. როგორც ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, “თბილისი მოლის” ჰოლში გაიმართება აქცია ფლეშმობის თანხლებით.
აქციას ფონდის წევრები, ცნობილი ჟურნალისტები დაესწრებიან, აქციის მხარდამჭერი, “თბილისი მოლი” კი ფონდის ბენეფიციარებს, ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ პატარებს სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს. ამ დღეს, მსოფლიოს 90 ქვეყანა, ხუთივე კონტინენტზე სიმსივნითდაავადებული ბავშვების მშობელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICCCPO, International Confederation of Childhood Cancer Parents Organization) ორგანიზებით უკვე 20 წელია აღნიშნავს.
საქართველო კი, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდისა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის სახით, წელს პირველად უერთდება კამპანიას სლოგანით: “ვიმოქმედოთ ახლავე”- ACT NOW. სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო დღის ძირითადი თემაა : მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობისა და მოვლისათვის უკეთესი პირობების შექმნა, ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და მოწოდება თანადგომისა და ქველმოქმედებისაკენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები