“ლსრ“-ის არმიამ ცეცხლის შეწყვეტის და ტექნიკის გამოწვევის ბრძანება მიიღო

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მებრძოლებმა ცეცხლის შეწყვეტის და ტექნიკის უკანდახევის ბრძანება მიიღეს. ამ ინფორმაციას „lifenews.ru“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ე.წ. ლსრ აპირებს მინსკში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება დაიცვას.

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის გენადი ციპკალოვის თქმით, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მებრძოლებს უკვე მიეცათ ბრძანება 15 თებერვალს, კიევის დროით 00:00 საათზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

„ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა მზადაა მინსკში 12 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმება შეასრულოს – კიევის დროით 00:00 საათზე და ლუგანსკის დროით 01:00 საათზე ფრონტის ყველა ხაზზე საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტოს. დღეს შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერა მოხდა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ქვედანაყოფებს ცეცხლის შეწყვეტის და ტექნიკის გამოწვევის ბრძანება აქვთ მიცემული“, – განაცხადა ციპკალოვმა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. დსრ-ის დროით 01:00 საათზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანებას თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა ალექსანდრე ზახარჩენკომაც მოაწერა. თუმცა დღეს დონეცკში გამართულ პრესკონფერენციაზე ზახარჩენკომ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა დებალცევოს არ ეხება და თუ იქ ალყაში მოქცეული უკრაინის არმიის ჯარისკაცები თავდაცვას შეეცდებიან, მაშინ ეს მინსკის მოლაპარაკების დარღვევად ჩაითვლება და მოწინააღმდეგე განადგურებული იქნება.

წყარო: lifenews.ru

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები