თბილისის მერია ნიკა მელიას განცხადებით პასუხობს

 

თბილისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას განცხადებით პასუხობს. როგორც მერიაში აცხადებენ, ნიკა მელია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული,

„დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნიკანორ მელიამ გაავრცელა ინფორმაცია მერიის თანამშრომლების სახელფასო დანამატების შესახებ, რომლითაც კიდევ ერთხელ მიზანმიმართულად სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების გამო, თბილისის მერიის თანამშრომლებს – მერის მოადგილეების აპარატის უფროსებს, მერის მრჩეველსა და მერიის ადმინისტრაციის უფროსის აპარატის უფროსს 2015 წლის 1 იანვრიდან ეძლევათ ხელფასის ერთმაგი ოდენობის დანამატი.

ამასთან, დედაქალაქის მთავრობამ, განსხვავებით თბილისის წინა მთავრობისგან, უარი თქვა პრემირების მანკიერ სისტემაზე და ის მკაცრი რეგულაციის ქვეშ მოაქცია. შევახსენებთ როგორც ნიკანორ მელიას, ისე მის თანაპარტიელებს, რომ 2014 წლის აგვისტომდე მერიაში თანამშრომლები ყოველთვიურად იღებდნენ როგორც ხელფასს, ისე დანამატსა და დიდი ოდენობით პრემიებს. მათ შორის, მაგალითად, მერის მოადგილეების აპარატის უფროსებს, ყოველთვიურ ხელფასთან და დანამატთან ერთად, მხოლოდ 2014 წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, საშუალოდ 8-10 ათასი ლარის ოდენობის პრემია აქვთ მიღებული.

თბილისის მერიის ახალმა მთავრობამ, უფლებამოსილების ცნობისთანავე, უარი თქვა იმ მანკიერ პრაქტიკაზე, რაც წლების განმავლობაში მელიამ, აბესაძემ, უგულავამ და მათმა თანამოაზრეებმა სისტემის ნაწილად აქციეს. ამიტომაც, მოვუწოდებთ ამ ადამიანებს, ნუ დაივიწყებენ საკუთარ დანაშაულებს და ნუ ეცდებიან, მიზანმიმართული ბინძური კამპანია აწარმოონ თბილისის მერიის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცახდებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები