დავით ასათიანი: ცეცხლოვანი და პათოსური გამოსვლების მომხრე არ ვარ, საქმიან გამოსვლებს ვანიჭებ უპირატესობას
შეხვედრაზე მიწვეულ ყველა კანდიდატს მიეცა საშუალება, თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ასათიანმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართული ხუთსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საინტერესო გამოსვლებთან ერთად, გარკვეულწილად იყო ზოგადი და პათოსური გამოსვლებიც, თუმცა, ძირითადად, მათ წარმოაჩინეს თავიანთი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს მართლმსაჯულების სისტემა.
„მე პირადად გავუზიარე პრეზიდენტს ჩვენი პოზიცია, რომ ადვოკატთა კორპუსი ამ უმნიშვნელოვანეს პოსტზე ხედავს მიუკერძოებელ, პრინციპულ და იურიდიული პროფესიიდან წამოსულ ადამიანს, რომელსაც გააჩნია მართლმსაჯულების სისტემაში საქმიანობის გამოცდილება და უცხო ელემენტი არაა ამ სისტემისთვის. ასევე, აქვს უნარი, გააგრძელოს რეფორმები და საზოგადოებაში სასამართლოს ნდობა გააძლიეროს“, – განაცხადა დავით ასათიანმა.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, ასათიანის განმარტებით, დისკუსიის განმავლობაში ამაზე მსჯელობა არ ყოფილა, რადგან პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კრიტერიუმების გადახედვა შეხვედრის მიზანი არ არის და სწორედ ამ კრიტერიუმების ფარგლებში გაიმართა მსჯელობა.
„ჩემი მხრიდან მიწოდებული იყო ხედვა, თუ რა გზებით უნდა მოხდეს სასამართლო დამოუკიდებლობის გაძლიერება, ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრება და სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება “, – განაცხადა დავით ასათიანმა.
ამასთან, როგორც ასათიანმა აღნიშნა, დისკუსიისას გარკვეულ საკითხებზე გამოიხატა აზრის სხვადასხვაობა. მათ შორის მოსმართლეთა დანიშვნის 3 -წლიანი გამოსაცდელი ვადის და სასამართლო გადაწყვეტილებათა რევიზიის მექანიზმზე. საერთო ჯამში, უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილებების სტაბილურობა და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა არის სწორედ სასამართლო დამოუკიდებლობის და მდგრადობის წინაპირობა.
დავით ასათიანმა ასევე განაცხადა, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას იყო ცეცხლოვანი და პათოსური გამოსვლებიც, რომლებიც არ ჯდებოდა შეხვედრის საერთო საქმიან კონტექსტში.
„ცეცხლოვანი და პათოსური გამოსვლების მომხრე არ ვარ, საქმიან გამოსვლებს ვანიჭებ უპირატესობას”, – აღნიშნა ასათიანმა.
ამასთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი სასიმოვნოდ გაკვირვებულია, რომ პრეზიდენტმა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხებისადმი სიღრმისეული დაინტერესება და ცოდნა გამოავლინა.